“პირობა მიღებულია, ექიმის ხალათს არ ვიხდი” – ლადო კახაძე პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

  •  

​პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი ლადო კახაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებით ის არ აპირებს ექიმის ხალათი გაიხადოს და თავისი პაციენტები მიატოვოს. 

როგორც ლადო კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მას მთაწმინდის ელექტორატი ნდობას გამოუცხადებს და საპარლამენტო ცხოვრებას დაიწყებს, პაციენტებს მასთან ვიზიტზე ჩაწერა, ჩვეულზე ადრე მოუწევთ. 

მისივე თქმით, ეს საკითხი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებთან უკვე შეთანხმებულია.  

“ადამიანის ორგანიზებულობის მაჩვენებელია ის, თუ როგორ ანაწილებს ის თავის დროს. ზოგჯერ შესაძლოა ერთმა საქმემ დაგღალოს, ზოგჯერ კი ათმა გამოგაჯანმრთელოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხარ მზად ამ საქმეებისთვის, როგორ უნდა დაიხარჯო. მე პირობა მიღებული მაქვს, ხალათს არ ვიხდი. იმის გამო კი არა, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე, საკანონმდებლო სივრცეში არ ვიქნები აქტიური, უბრალოდ, ჩემს პაციენტებს, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან და წელს 200-ზე მეტი მარტო ორსული მელოდება, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ვიზიტზე უარს ვერ ვეტყვი. მე მათ ამ იმედს ვერ ჩავუქრობ. წინასწარ ერთი უხერხულობისთვის კი, ბოდიშს მოვუხდი, რომ ვიზიტების საათები ცოტა წინ გადმოიწევს, ჯერ მათ მივიღებ და მერე წავალ პარლამენტში”, – განაცხადა ლადო კახაძემ “მთავარში”.

რაც შეეხება პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, ლადო კახაძის თქმით, ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ჩნდება სურვილი პოლიტიკურ პროცესებს გარედან კი არ ადევნო თვალი, არამედ თავად გახდე ამ პროცესების მონაწილე. “მით უმეტეს, როცა ამის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს. არის მომენტი, როცა არ გინდა ხელიდან გაუშვა მომენტი, რომ მერე არ ინანო, – შემეძლო ამ საქმის გაკეთება და არ გავაკეთეო. თუ გაგიჩნდება შანსი, რომ დამატებითი თვალი და ყური იყო პარლამენტში, რატომ უნდა თქვა უარი”, – აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი.

მსგავსი თემები