მუსლიმთა მუფტი ადასტურებს, რომ ყალბი ცნობის გაცემას სთხოვდნენ – ინტერვიუ „მთავართან“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს პარლამენტისგან არა მხოლოდ ჯარში გაწვევის გადავადებას ითხოვს, არამედ, ეკონომიკურ და სხვა სახის შეღავათებსაც ელოდება.      

„მედიაცენტრი მთავარი“ სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილეს ადამ შანთაძეს ესაუბრა, რომელმაც კონკრეტული პრობლემები წამოწია.

მედიაცენტრი მთავარი:“ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, სასულიერო პირები იმ შეღავათებით ვერ ისარგებლებთ, რასაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება ჰქვია. რა პრობლემა გექმნებათ რეალურად?

ადამ შანთაძე:  ხომ არის თანაბარი მიდგომა ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ? ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, თუ ჯარში სამსახური სავალდებულო იქნება. მთავარია, სხვადასხვა კონფესიასთან დაკავშირებით არსებული  მიდგომა. კანონი ყველაზე თანაბრად უნდა მოქმედებდეს. თუ სამხედრო სამსახური სავალდებულო იქნება, ის ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, თუ შეღავათები იქნება, ისიც ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს. დღემდე არსებული კანონმდებლობით, ჩვენ შეღავათებით ვსარგებლობდით და თუ სასულიერო პირს სამხედრო სამსახური უწევდა, მას გადავადების უფლებას აძლევდნენ.

მედიაცენტრი მთავარი:“ აღნიშნული შეზღუდვის, კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების აკრძალვის მიზეზი ის ხომ არ გახდა, რომ ამ უფლებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ?

ადამ შანთაძე: კონკრეტულად ჩვენ, არცერთი ცნობა არ გაგვიცია, თუ ადამიანი მართლა სასულიერო პირი არ არის. ასეთ შემთხვევებში ჩვენ, სამხედრო კომისარიატში წარსადგენ ცნობას არ ვიძლევით. ვიმეორებ, ცნობა გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ გაიცემა სასულიერო პირებზე, სადაც წერია, რომ ეს კონკრეტული ადამიანი წარმოადგენს სასულიერო პირს და გაათავისუფლოს სამხედრო სამსახურისგან, რომ მათ თავიანთ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ.

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენი რელიგიის წარმომადგენლებს, რა პრობლემას გიქმნით ის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მუსლიმი მსახურებიც გაიწვიონ?   

ადამ შანთაძე: თუ ეს იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიის მიმართ და დანარჩენები კანონს მიღმა  აღმოჩნდებიან,  ეს  დისკრიმინაციული მიდგომა იქნება.  თუ სასულიერო პირი 27 ლარამდე ასაკისაა, მას მოუწევს,  სამხედრო სამსახურში წავიდეს და მეჩეთი წინამძღვრის გარეშე რჩება.  

მედიაცენტრი მთავარი:“ ბევრი გყავთ ისეთი სასულიერო პირი, ვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახური ეკუთვნის?

ადამ შანთაძე:  არა, ძალიან ბევრი არ არის. ჩვენ შეხვედრა გვქონდა ბატონ ირაკლი სესიაშვილთან, რომელმაც გამოთქვა მზაობა, რომ  კონსულტაციები და შეხვედრები გაიმართოს. დაახლოებით ერთ კვირაში კიდევ გვექნება შეხვედრა და საბოლოოდ შევჯერდებით რიგ საკითხებზე.

მედიაცენტრი მთავარი:“ კანონპროექტის წარდგენამდე კონსულტაციებში ჩართული არ ყოფილხართ?

ადამ შანთაძე: ჩვენ არ ვიყავით ჩართული კონსულტაციებში, მაგრამ მზაობა გამოითქვა, რომ შემდგომ ეტაპზე ვიყოთ ჩართული და ერთობლივად განვიხილოთ ეს საკითხი. კანონით დისკრიმინაციული აღქმა ან მიდგომა უნდა გამოირიცხოს.

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენი აზრით რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში? ხომ არ იყო თაღლითობის შემთხვევები?

ადამ შანთაძე: მე ვერ გეტყვით, თუმცა ამაზეც არის საუბარი. არ ვარ კომპეტენტური ამაზე, რომ ვისაუბრო.

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფლაშემთხვევა, როცა არასასულიეროპირებს  მოუმართავთ ცნობისთვის, რომ გაწვევისთვის თავი აერიდებინათ?

ადამ შანთაძე:  გიდასტურებთ, რა თქმა უნდა,  მოუმართავთ და უარი მითქვამს.  მათ უთქვამთ, რომ ვარ მუსლიმი და რატომ არ უნდა ავიღო გადავადების ცნობა-ო, მაგრამ ჩვენ დაგვისაბუთებია, რომ საბუთი გაიცემა უშუალოდ იმ პიროვნებაზე, ვინც არის ჩართული სასულიერო საქმიანობაში.

მედიაცენტრი მთავარი:“  როგორ ფიქრობთ,  ისეთ საკითხებში, რომელიც სხვადასხვა კონფესიას ეხება,  გადაწყვეტილების მიღებისას ჩართულობის საკითხი პრობლემურია?

ადამ შანთაძე: ამ ბოლო დროს, მინდა ავღნიშნო, რომ პრობლემა მოიხსნა, მაგრამ, აქამდე, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა იყო. პერიოდულად  ვიკრიბებით და არსებული კანონმდებლობის ხარვეზებთან  დაკავშირებით ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ.

მაგალითად,  საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები, მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან ბევრი საკულტო ნაგებობაა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული, რომლებიც პრივატიზებულია. ასეთი ბევრი ობიექტია.

ასევე, მუსლიმების საკუთრებაში არის ბევრი ისტორიული საკულტო ნაგებობები, რომლებიც მეთვალყურეობას, მოვლა-პატრონობას საჭიროებს. ამ  ყველა  თემებზე მიდის საუბარი პარლამენტში. ამ ნაგებობებს საკმარისად არ ექცევა ყურადღება და ისინი ან ჩვენ უნდა გადმოგვეცეს ან, კულტურის სამინისტრომ, მათი შენარჩუნების    მექანიზმები უნდა შეიმუშაოს. მაგალითად, ქედაში, ზვარეში, გასულ წელს, ქარმა სახურავი გადახადა.  ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას და მადლობელი ვართ, რომ მოხდა ამ შენობის  გადახურვა.

მედიაცენტრი მთავარი“: ამ შენობები ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია,  ნაწილი კი კერძო. როგორია თქვენი მიდგომა,  ყველა შენობა თქვენ უნდა გადმოგეცეთ, საკუთრების მიუხედავად?

ადამ შანთაძე: პერიოდულად მიმდინარეობს ჩვენზე გადმოცემა, მაგრამ ყველა არ არ არის ჯერჯერობით გადმოცემული.

„მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენ საგადასახადო კუთხითაც ითხოვდით შეღავათებს. შეჯერდით რამე კონკრეტულზე?

ადამ შანთაძე: საგადასახადო შეღავათები, საკონსიტუციო ცვლილებები, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. დღგ-ს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ამ ყველაფერზე მიმდინარეობს მსჯელობა და იმედი გვაქვს, იქნება შემუშავებული ცალკეულ კანონებში ეს ცვლილებები.                            

მსგავსი თემები