ბრუცელიოსზე 50 000 წვრილფეხა პირუტყვი აცრეს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს. თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვია ვაქცინირებული.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში შარშან დაიწყო და მიმდინარე წელს 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

მათივე თქმით, უფასოდ განხორციელებული ღონისძიებები ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს, შესაბამისად, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას; ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

მსგავსი თემები