ქართული კომპანიები კონკურენციას ვერ უძლებენ და იხურებიან – გიორგი ანდრიაძე

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე, ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას ქართული ბიზნესის ინტერესები, რადგან ისინი, ქართულ ბაზარზე შემოსულ უცხოურ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევენ და ფინანსური პრობლემები ექმნებათ.  

​როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა ცივილურ ქვეყანაში, კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, ხელისუფლება მხარს უჭერს ეროვნული წარმოების განვითარებას.   

“ქართული ბიზნესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშ ასეა. ქვეყანა იცავს საკუთარ წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. საქართველოში, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს ვხედავთ. ქართული ბიზნესი შევიწროვებულია და ამის ნათელი მაგალითები დღეს სახეზეა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია ეროვნული ეკონომიკის განვითარება. აგარის ქარხანა დაიხურა, ახლო მომავალში, იგივე ემუქრება რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, ინდური კომპანიები მას ბაზრის დიდ ნაწილს ართმევს. იგივე ტიპის ბაზარს უცხოური კომპანიები იკავებენ”, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე. 

იგი ქართული ავიაკომპანია “აირზენას” პრობლემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას თურქული ავიაკომპანია ავიწროვებს.  

“მაშინ, როდესაც ერთადერთ ქართულ ავიაკომპანიას უცხოური კომპანია ზღუდავს და ძალიან ბევრ ფინანსურ პრობლემებს უქმნის, აქ ყველაფერი ნათელია. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. “აირზენას” თემა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. როცა თბილისიდან სტამბულის მიმართულებით დღეში, 4 რეისი სრულდება, შეიძლება, ერთი რეისი მაინც ქართულმა კომპანიამ შეასრულოს, ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა. მარტო თვითმფრინავების ბილეთების გაყიდვით თანხის ბრუნვა, წელიწადში დაახლოებით მილიარდამდე აღწევს, ამ ბაზრის 90% მიდის უცხოურ კომპანიებში, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს თავისი ავიაკომპანია და ამ თანხის ნახევარი მაინც რომ იხარჯებოდეს ქართული კომპანიის განვითარებაში, ბიუჯეტსაც წაადგებოდა და  უამრავი ადამიანი დასაქმდებოდა. თურქეთის ავიაკომპანია საერთოდ სახელმწიფო ავიაკომპანიაა და უზარმაზარ შემოსავალს აძლევს თურქეთის ეკონომიკას. გასაგებია, რომ ხელისუფლება არ ერევა ამ პროცესში და მას არ სურს, რომ “აირზენა” იყოს სახელმწიფო კომპანია, მაგრამ მან უნდა დაიცვას პარიტეტი და ხელი არ უნდა შეუშალოს ადგილობრივი კომპანიის განვითარებას”, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე მოღვაწე თურქული კომპანია Wizz Air-ი, რომელიც ძალიან იაფ ფრენებს ახორციელებს, მხარდაჭერილია ხელისუფლების მხრიდან, მაშინ, როდესაც ქართული ავიკომპანია “აირზენა” ფაქტობრივად პრესინგის მდგომარეობაშია. 

“ჩემთვის გაუგებარია, ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორი აეროპორტია, იყოს უცხოური კერძო კომპანიის მფლობელობაში. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს, ის გადაეცა თურქულ კომპანიას და მთელი შემოსავალი მიდის თურქეთის ბიუჯეტში. მარტო სტამბულის მიმართულებით დღეში, რამდენიმე ფრენაა, ყველა მათგანს მხოლოდ თურქული კომპანიები ახორციელებენ”, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე. 

მსგავსი თემები