საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო.

მედიის ცნობით, მაკრონი გერმანიაში გამგზავრებასა და ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას კვირას გეგმავდა.

პრეზიდენტის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაემგზავრება მაკრონი გერმანიაში.

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 1 300 აქტივისტი დააკავა, საერთო ჯამში კი, აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დროისათვის, საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოებას 45 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს. საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის მოზარდი მოკლა.

მსგავსი თემები