არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით, პასუხი კვლავ ვერ მივიღეთ – ირაკლი ანთაძე

“დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ ვერ იქნა პასუხები მიღებული შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, შეხვედრაზე დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, სადაც ასევე პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა.

“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რომელიც მოხდა ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე.

განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ ვერ იქნა პასუხები მიღებული შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანაა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და აღსრულდეს მათ მიმართ სამართალი.

ასევე ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კვლავაც დარჩა პასუხგაუცემელი.

ყურადღება გავამახვილეთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილებისას შექმნილ პრობლემებზე“, – განაცხადა ანთაძემ.

როგორც ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ხურვალეთში ამჟამად სტაბილური ვითარებაა და გადაადგილების მხრივ შეზღუდვები პრევენციულ ხასიათს ატარებს.

“ღონისძიება ატარებს პრევენციულ ხასიათს. გამომდინარე იქიდან, რომ ხურვალეთი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია, ზოგჯერ საჭიროა სამოქალაქო პირების უსაფრთხოებისთვის ჩატარდეს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, რითაც აიხსნება ის, რაზეც ახლა გვაქვს საუბარი.

როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება და ალბათ, დამეთანხმებით, რომ ოკუპირებული რეგიონიდან და საოკუპაციო ხაზიდან ყოველთვის არსებობს პოტენციური საფრთხე.

გამიჭირდება ზუსტი პასუხი გაგცეთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვები. ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ინსინუაცია. ხურვალეთში ახლა ვითარება სტაბილურია,” – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი თემები