“დღეს, სიმართლის მოსმენა მოგიწევთ” – პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში პირველად წარსდგა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს, პირველად წარსდგა ინტერპელაციის ფორმატში. მან ოპოზიციური ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასმულ კითხვას უნდა უპასუხოს, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას შეეხება. 

როგორც მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ეს არის მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობის სრულიად ახალი პლატფორმა, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი. ხელისუფლებამ ურთიერთობის ეს ფორმა კონსტიტუციურ ნორმად აქცია.~, რაც პირველ რიგში არის საზოგადოების მიმართ პატივისცემის გამოხატვა.

” ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა და ნება, ყოველთვის წარვდგეთ პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას ვუპასუხოთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ოპოზიციას დაჰპირდა, რომ დღეს, მათ სიმართლის მოსმენა მოუწევთ. 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პარლამენტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროგრესია. ბოლო სამი დღის განმავლობაში პარლამენტში მიდიან მინისტრები და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობენ. თუმცა, მიაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ფორმულირებულ კითხვაში უკვე იგრძნობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რათა მოსახლეობაში შექმნან განცდა, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას და ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.  

“პირველ რიგში, სანამ შევაფასებთ და დასკვნებს გამოვიტანთ, საკითხის არსში უნდა გავერკვეთ. ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე, უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციის მხარეების პოლიტიკური ინტერესი. თქვენი კითხვის ფორმულირებაში უკვე დევს მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, შექმნათ განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ვითარებას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. გასაგებია, რომ არსებობს ჩვენ შორის ღირებულებითი განსხვავება, ეს ლოგიკურიც არის და სხვანაირად ვერც იქნება, ჩვენ შორის ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით, ძალიან კარგად მესმის და ვაფასებ ოპოზიციის მნიშვნელობას და როლს, ამიტომ მზად ვარ მოვისმინო, ობიექტური შენიშვნები და მწვავე კრიტიკა, თუ ეს ნაკარნახევია საქმისადმი გულშემატკივრობით და სიმართლეზე დამყარებით. როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

მსგავსი თემები