„ხეობაში წვიმა არ ყოფილა და რაიან სმიტის გვამს მდინარე ვერ ჩამოიტანდა“ – ადვოკატების ახალი მტკიცებულება

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ახალი მტკიცებულება წარმოადგინეს. მის მიხედვით, ირკვევა, რომ 6 ივლისს, ხადას ხეობაში წვიმა არ ყოფილა, შესაბამისად, რაიან სმიტის გვამს ადიდებული მდინარე ვერ ჩამოიტანდა.

ხადას ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ რაიან სმიტის გვამს, მკვლელობის ადგილიდან მოშორებით მდინარე ვერ წაიღებდა, რადგან იმ ადგილას მდინარის ძლიერი ნაკადით არ მიედინება და არც მკვლელობის დღეს მოსულა ძლიერი წვიმა. ​

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე ამტკიცებს პროკურატურა გვამის გადაადგილების საკუთარ ვერსიას. ადვოკატის თქმით, მოკლულთა გვამები გადაადგილებულია რამდენიმე პირის მიერ და მიმოფანტულია სხვადასხვა მიმართულებით.

“გვამის გადაადგილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსია ბრალდებას, არც გამოძიების და არც შემდეგომ ეტაპზე დადგენილებაში აღნიშნული არ ქონია. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვარაუდი, როგორ შეიძლებოდა, გვამი მკვლელობის ადგილიდან შორს აღმოჩენილიყო. როდესაც მოწმეები დაკითხეს, ბრალდების მხარის ვერსიაც გამოიკვეთა, რაც გახლავთ შემდეგი: თითქოს, 6 ივლისს, ხადას ხეობაში მოვიდა უხვი ნალექი, ადიდდა მდინარე, რომელმაც გვამი შემთხვევის ადგილიდან ქვემოთ ჩამოიტანა. როგორც მაშველები აცხადებენ, საღამოს საათებში დაიწყო ძლირი წვიმა. ჩვენ მოვიძიეთ კომპეტენტური უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ 6 ივლისს ხადას ხეობაში წვიმა არ ყოფილა“ – აცხადებს ადვოკატი.

დაცვის მხარის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც გაცემულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ვკითხულობთ, რომ ხეობაში 6 ივლისს წვიმა არ ყოფილა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ნალექი მოვიდა 12:53-საათიდან 17: 49 საათზე. წვიმა არის უკვე 7 რიცხვში, დღის პირველი საათიდან. ეს მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სუბიექტურობას და ჩვენი ვერსიის დადასტურებას. როცა ვერაფრით დაამტკიცეს, როგორ შეიძლებოდა გვამი აღმოჩენილიყო მკვლელობიდან სხვა ადგილას, სასამართლო სხდომაზევე გადაწყვიტეს, წვიმის ვერსია წარედგინათ“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მტკიცებულებად არ ჩათვალა და კობაურის საქმის დართვაზე უარი განაცხადა.

„ გუშინ წარვადგინეთ ეს დოკუმენტი და მოვითხოვეთ საქმეზე დართვა, რაზეც მოსამართლისგან უარი მივიღეთ. ეს მტკიცებულება თუ დაერთვებოდა საქმეს, ის წინააღმდეგობაში მოვიდოდა მოწმეების ჩვენებასთან და აღნიშნული გამოიწვევდა ნაფიცი მსაჯულების დაბნევას ” – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ვასილ მამულაშვილის შეფასებით, აღნიშნული შუამდგომლობა, მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილა: “სასამართლო ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, თუმცა მას საქმეს მტკიცებულებად ვერ დავურთავ-ო. არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ დოკუმენტი დაგვიანებით არის წარმოდგენილი. მანამდე უნდა გეზრუნათ მის მოპოვებაზე-ო“.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მწყემსს სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი ორშაბათს უნდა გამოუტანოს.

მსგავსი თემები