ახალი ქართული ფილმი “ილუზია” 19 საერთაშორისო ფესტივალზე გავა​

ახალი ქართული ფილმი “ილუზია”, რომელსაც 19 საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ, საპროდიუსერო კომპანია „არტ პარალელი“ და Sheron Mar label-ი ერთობლივად იღებენ. 

მოკლემეტრაჟიან მხატვრულ-მუსიკალური ფილმს „ილუზიაში“ მთავარს როლს, არაპროფესიონალი მსახიობი, უცხოეთში მოღვაწე დიზაინერი, შერონ მარი ასრულებს. მას პარტნიორობას, ასევე არაპროფესიონალი მსახიობი ჯეკო ბასილაძე გაუწევს.

როგორც ფილმის რეჟისორმა თენგიზ თხილავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ფილმი ცხოვრებისეული დრამაა, სადაც სინამდვილე და რეალობა ერთმანეთს კვეთს.

“ფილმის შინაარსობრივად ახსნა ძალიან რთულია. ფილმი არის იმაზე თუ რა არის სინამდვილე და რა ილუზია, რომელიც ერთმანეთში იკვეთება ხშირად. ფილმი არის განზოგადებული და არ ეფუძნება რეალურ ისტორიას ან ლიტერატურულ ნაწარმოებს. მიზეზი, რის გამოც საჭირო გახდა მსგავსი ფილმის გადაღება ადამიანთა შორის ურთიერთობებია. ასეთი ნაწარმოებების შექმნა ყოველთვის არის საჭირო და დღესაც გახდა საჭირო, რადგან ადამიანთა შორის ურთიერთობები გართულდა”, – აცხადებს რეჟისორი. 

ფილმის გადაღებები გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. ის საერთაშორისო პროექტია და სწორედ ამიტომ საქართველოში სპეციალური მოწვევით ცნობილი უკრაინელი მხატვარი-ვიზაჟისტი ანჟელიკა დოცენკო ჩამოდის.

ფილმი “ილუზია” წარდგენილი იქნება International Fashion Film Festival – ზე და ცნობილ, საერთაშორისო კინო ფესტივალზე, მათ შორის, გერმანიის, აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, ვენეციის, ბრიტანეთის, იტალიის კინოფესტივალებზე, როგორიც არის Berlinare, La Biennale di Venezia, Oscar Short Film-ი, Manhattan Short Film-ი, Canadian Short Film-ი და სხვა.
ფილმის დამდგმელი რეჟისორია ზურაბ ორთავიძე, პროდუსერი – თენგიზ თხილავა, კოსტუმების მხატვარ-დიზაინერი შერონ მარ-ი.

აღსანიშნავია, რომ კვირას, 31 მარტს, საპროდიუსერო ცენტრი „არტ პარალელი“ აწყობს ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოდელიორის, შერონ მარის ნამუშევართა ჩვენებას და ფოტოსესიას. ფოტოსესიის მოსამზადებლად მიწვეულია ცნობილი უკრაინელი მხატვარი-ვიზაჟისტი ანჟელიკა დოცენკო. პირველ რიგში, ფოტოსესია განიხილება, როგორც მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ფილმი „ილუზიას“ გადაღებისთვის მომზადების ერთი ეტაპი. შერონ მარის ნამუშევრებს წარმოადგენენ სწორედ ის მსახიობები, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ.  

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები