საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი დაიწყება

„საპარტნიორო ფონდის“აღამსრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს მინსკში, „ქართული სავაჭრო სახლის“ გახსნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო.

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კომპანიას საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება მიენიჭა. ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყება.

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა დღეს ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. სხდომაში ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი მონაწილეობდა. 

გიორგი ხელაიას განმარტებით, „ქართულ სავაჭრო სახლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტსა და ბელარუსის ბაზარზე პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მინსკთან საქართველოს მთავრობისა და „საპარტნიორო ფონდის“ მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის მიზნით, ბელარუსის მთავრობამ ქალაქის ცენტრში გამოყო ფართი „ქართული სავაჭრო სახლის“ განთავსებისთვის. „ქართულ სავაჭრო სახლში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტები, ქართული დასახელების ღვინოები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. მინსკში არსებული სავაჭრო სახლი ქართულ პროდუქციას გაუწევს პოპულარიზაციას.

მსგავსი თემები