ქართული კინოს ვარსკვლავს, ლეილა აბაშიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ კინომსახიობს, სცენარისტსა და რეჟისორს, ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძეს, 12 აპრილს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
როგორც “მთავარს” მსახიობის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ცნობილი მსახიობი 88 წლის ასაკში, 8 აპრილს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მსახიობი ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ინსულტის ნიშნებით 5 თებერვალს გადაიყვანეს და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის პალატაში გადაიყვანეს.​
მაია წყნეთელის, ჭრიჭინას, აბეზარას, ძიძიას, ლალი მინდელისა და სხვა გახმაურებული  კინოროლების შემსრულებელ მსახიობ ​​ლეილა აბაშიძეს 88 წელი 2017 წლის პირველ აგვისტოს შეუსრულდა.
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, ქართული მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის გვერდით, ასევე ლეგენდარული ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.  ვარსკვლავის გახსნაზე ლეილა აბაშიძემ ემოციური სიტყვა წარმოთქვა, მან მადლობა გადაუხადა ქართველ ერს ასეთი დაფასებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცევა:  2017110922305881694
„მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის, ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს.“
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მას მოჰყვა ფილმები „ოქროს ბილიკი“, 1945 წ. და „აკაკის აკვანი“, 1947 წ.
1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. მან განუმეორებელი როლები შექმნა, საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957).556635_433259016715986_1491833233_n
ფილმმა „ჭრიჭინა“ უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად. ლეილა აბაშიძემ კომედიურ როლებთან ერთად სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები განასახიერა – ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1954), მანანა („ჩვენი ეზო“, 1956), მაია („მაია წყნეთელი“, 1959), მზია („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, 1959), ძიძია(„ხევისბერი გოჩა“, 1964), ნინო („შეხვედრა წარსულთან“, 1966), ლალი-მზევინარი („შეხვედრა მთაში“, 1966), ვარდისახარი  („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ქეთევანი („მოლოდინი“, 1969).
თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ ლეილა აბაშიძე ეკრანს საკმაოდ ადრე, 40 წლის ასაკში ჩამოშორდა. 1970-იანი წლებიდან მას დიდხანს არ იღებდნენ კინოში. 1970-დან 1990 წლამდე, თითქმის 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 ფილმში გადაიღეს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1986 წელს ლანა ღოღობერიძემ გადაიღო თავის ფილმში „ორომტრიალი“. ფილმს, სადაც ლეილა აბაშიძემ საკუთარი თავი განასახიერა, ტოკიოს კინოფესტივალზე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ჟიურის თავმჯდომარემ გრეგორი პეკმა აღფრთოვანება ვერ დამალა.
მოგვიანებით მსახიობმა სცენარისტობასა და რეჟისორობაშიც სცადა ბედი. ლეილა აბაშიძისა და კონსტანტინე პიპინაშვილის ერთობლივად შექმნილი სცენარით 1970 წელს გადაიღეს ფილმი „მოლოდინი“, 1978 წელს მისი სცენარით — ფილმი „კოშკები სდუმან“. ფილმში „პარიზი-თბილისი-პარიზი“ კი ლეილა აბაშიძე სამ ამპლუაში მოგვევლინა — სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი.

მსგავსი თემები