„ამ ქვეყანას ტერიტორიები სწორედ თქვენი მატრაკვეცობით დააკარგვინეთ“ – მინისტრი ყოფილ ხელისუფლებას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „პატრიოტთა ალიანსს“ სთხოვს, საპარლამენტო ტრიბუნიდან, რუსული ნარატივით არ ისაუბროს. მინისტრი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველომ ტერიტორიები, სწორედ მათი მატრაკვეცობით დაკარგა:

„როცა ანდროპოვის ყურებთან გვაზეიმეთ წაგებული ომი, როცა ტერიტორიები დაკარგეთ დამატებით და როცა პოზიტიურად შეგვიფუთეთ და გვითხარით, რომ უჰ, რამდენი ტერიტორია დაგვიკარგავს, რა კარგია, ამით მაინც ხომ გაგვიცნო რუსეთმა-ო, სწორედ ეს არის მატრაკვეცობა. აი, ამ მთავარსარდლის და თქვენი ყველას მატრაკვეცობით დააკარგვინეთ ამ ქვეყანას ტერიტორიები. სტიკერების კედლებზე გაკვრით კი არ ხდება რუსეთთან ბრძოლა. რუსეთთან ბრძოლა ხდება კანონით, ჭკუით, თანმიმდევრულობითა და სერიოზულობით“ – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ ადა მარშანიას მიმართა. „ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, ამ ტრიბუნიდან, რუსული ნარატივით ნუ ისაუბრებთ. სალოზე ზურაბიშვილის შემდეგ, თქვენი გამოსვლა, რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები