ჩვენი პოლიტიკის მიზანია, ავტომობილების მფლობელებს ალტერნატივად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შევთავაზოთ – მამუკა მუმლაძე

  •  

„ვითვალისწინებთ როგორც მგზავრის, ასევე ტაქსის ბიზნესში ჩართულ პირთა ინტერესებს, მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია და ვცდილობთ, ყველა პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არსებული რეგულაციები ამ ადამიანებს ტვირთად არ დააწვეთ და ზედმეტი პრობლემა არ შეექმნათ“, – ამ სიტყვებით თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, გუშინ დედაქალაქის მერიის წინ გამართული ტაქსის მძღოლების აქციის მონაწილეებს ეხმიანება, რომლებიც დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პოლიტიკა მგზავრის მომსახურების ხარისხზეა ორიენტირებული და არ ეფუძნება ტაქსის რაოდენობის შემცირებას, რისი სიმრავლეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობამ გამოიწვია.

რა რეგულაციებს ითვალისწინებს დედაქალაქის მერიის პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, როდის ამოქმედდება საათობრივ-ზონალური პარკირება, რა მეთოდით ცდილობენ კერძო ავტომობილების მოხმარების შემცირებას, როდის შემოვა ახალი 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები და რატომ ემუქრება ბაზრიდან „გაქრობა“ მიკროავტობუსებს, – აღნიშნულ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრ მთავართან“ მამუკა მუმლაძე საუბრობს.

მამუკა მუმლაძე: ჩვენი პოლიტიკა არ ეფუძნება ტაქსების რაოდენობის  შემცირებას, ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება იდეას, რომ მივიღოთ ხარისხი მგზავრის მომსახურების ნაწილში, ხოლო იმ მიზეზებს, რამაც ტაქსი მოამრავლა, თვითონ ბაზარი დაარეგულირებს.

არიან ტაქსისტები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო, არ უნდათ, რომ გადაღებონ ავტომობილი და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს საქმიანობა დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ზოგიერთი მხოლოდ საღამოობით სამსახურის მერე, ან დასვენების დღეებში გამოდის ტაქსით სამუშაოდ.

ასეთი ადამიანებისთვის სისტემა არ ჩაგვიკეტავს, პირიქით, გახსნილი იქნება იმ კუთხით, რომ არ მოხდეს ის, რაც მიკროავტობუსების შემთხვევაში მივიღეთ, როცა ყველა მიკროავტობუსი ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდა. კომპანიები, რომლებსაც ტაქსები ჰყავთ და აყვანილი ჰყავთ სამსახურში მძღოლები, აძლევენ ნებართვას მათ კომპანიის კუთვნილ ავტომობილზე, ანუ თავისუფლება შევქმენით ამ ნაწილში. პირველ ეტაპზე, ტექნიკური მოთხოვნის ვალდებულება არ გავაჩინეთ, თუმცა მეორე ეტაპზე ტექდათვალიერების გავლა აუცილებელია.

ასევე, გასათვალიწინებელია ავტომობილის ესთეტიური მდგომარეობა, რადგან ეს მოთხოვნა მოსახლეობისგან მოდის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან ტაქსი, თავისი იდეით, კომფორტზეა ორიენტირებული და კომფორტულიც უნდა იყოს. 

„ბ“ კატეგორიის მძღოლს არ მოეთხოვება აუცილებლად თეთრი ფერის ავტომობილი ყავდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება, ტაქსის ნიშანი განათავსოს ძარაზე და მგზავრი აიყვანოს გზიდან.  შეუძლიათ იმუშავონ სატელეფონო გამოძახებით ან აპლიკაციების საშუალებით, ჰყავდეთ მუდმივი მომხმარებელი, იმუშავონ ტაქსის ნებისმიერ კომპანიაში, განათავსონ სხვადასხვა კომპანიის რეკლამა თავიანთ ავტომობილზე და ამით მიიღონ დამატებითი შემოსავალი,  თუმცა ორივე კატეგორიის ტაქსის მძღოლს მოეთხოვება, ოთხკარიანი და მარცხენასაჭიანი ავტომობილით იმოძრავოს.

ტაქსების სიმრავლე, რეალურად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობამ გამოიწვია და ამ სფეროში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც ტაქსის ვიზუალი არა აქვთ, მაგრამ მგზავრებს მაინც ემსახურებიან. ეს „ბ“ კატეგორია იმიტომ დავტოვეთ, რომ რაც არის, შენარჩუნდეს ბაზარზე. თუმცა მოსახლეობის მოთხოვნა მკაცრია, მას უნდა მოწესრიგებული, უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება.

უნდა იცოდეს მგზავრმა ვინ მოემსახურა, როგორი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა, შესაბამისად, როგორც „ა“, ასევე „ბ“ კატეგორიის ტაქსის სალონში უნდა იყოს გამოკრული ნებართვა, სადაც იქნება მისი მაინდეტიფიცირებელი ნიშნები.

საინტერესოა, რომელ ქვეყანაში, სად მუშაობენ ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ტაქსის მძღოლები? ტაქსებს, ისევე როგორც ყველა მანქანას, უნდა ჰქონდეთ ტექდათვალიერება გავლილი და – მუშაობის ნებართვა.

„მედიაცენტრი მთავარი“: რა კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლი და რა პრივილეგიით შეუძლია ისარგებლოს მას, „ბ“ კატეგორიასთან შედარებით? 

მამუკა მუმლაძე: 1-ელი ოქტომბრიდან უკვე გადავდივართ იმ საფეხურზე, როცა მოეთხოვება ტაქსის ყველა მძღოლს, კატეგორიის მიუხედავად, იმოძრავოს მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი ავტომობილით, რადგან მარჯვენასაჭიანი მანქანის არსებობის შემთხვევაში, მგზავრი ჯდება მარცხენა მხარეს, ანუ გზის მხარეს, რაც საფრთხის შემცველია, ოთხკარიანი ავტომობილი კი, მგზავრის კომფორტისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით არის აუცილებელი.

თუ მძღოლს უნდა, რომ „ა“ კატეგორია აირჩიოს, ეს არის ჩვეულებრივი ტაქსი, რომელსაც აქვს უფლება, განათავსოს ტაქსის ნიშანი ძარაზე, მგზავრი აიყვანოს როგორც ჩვეულებრივ გზიდან, ასევე ტელეფონისა და აპლიკაციის საშუალებით და მოემსახუროს იმ სტანდარტული მომსახურებით, როგორც ხდება. ამ შემთხვევაში ტაქსი უნდა იყოს აუცილებლად თეთრი ფერის.

თუ გასული წლის 10 ოქტომბრამდე აქვს მძღოლს ნებართვა აღებული, შეუძლია აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „ალმას“ ოფისებში აიღოს როგორც ქიმწმენდის, ასევე გადაღებვის ვაუჩერი და გადააღებვინოს ტაქსი ისე, რომ ერთი თეთრიც არ დაეხარჯება. თუმცა სანაცვლოდ, „ალმას“ ორი წლის განმავლობაში გადაეცემა უფლება, ამ ტაქსზე განათავსოს სასურველი რეკლამა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მძღოლმა 10 ოქტომბრამდე აიღო ნებართვა, მაგრამ არ უნდა, რომ ტაქსი „ალმამ“ გადაუღებოს, შეუძლია, საკუთარი ხარჯით გადაღებოს, ან რომელიმე სარეკლამო კომპანიას გადააღებვინოს, რითაც რეკლამის უფლებასაც მოიპოვებს და დამატებითი შემოსავალიც გაუჩნდება.

ამჟამად ტაქსის ნიშანზე გვაქვს გამოცხადებული ტენდერი. ნიშანს ორი ტიპის ნათება ექნება, – მწვანე და წითელი. მწვანე ნათება მიგვანიშნებს, რომ ტაქსი თავისუფალია, წითელი კი – პირიქით, რასაც ერთჯერადად „ა“ კატეგორიის მძღოლებს უსასყიდლოდ გადავცემთ.

გარდა ამისა, ჩვენ უკვე შევქმენით ტაქსების პარკირებისთვის სპეციალურად  განკუთვნილი ადგილები დედაქალაქში, სადაც შეუძლია მძღოლს, ავტომობილი უსასყიდლოდ დააყენოს. აქამდე მათ სპეციალური ადგილი არ ჰქონდათ, ჩვეულებრივ პარკირების ადგილს იყენებდნენ და საფასურსაც იხდიდნენ. დღესდღეობით უკვე მხოლოდ ლესელიძის ქუჩის მიმდებარედ, მათთვის 12 უფასო პარკირების ადგილი დავამატეთ. გვაქვს ასეთი ლოკაციები თბილისის სხვადასხვა გადატვირთულ უბანში, რაც ჩვენს საიტზეა განთავსებული და თითოეული ახალი ლოკაციის მისამართი ჩამონათვალს მუდმივად ემატება.

ეს ადგილები მხოლოდ ტაქსებისთვისაა განკუთვნილი და სხვებმა არ უნდა დაიკავონ. დამატებითი რეგულაცია, რაც ამ მიმართულებით ამოქმედდება, ის სანქციები იქნება, რის მიხედვითაც გამოყოფილ ადგილს სხვა მანქანა ვერ დაიკავებს.

„მედიაცენტრი მთავარი“: მაინც რას ითვალისწინებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პოლიტიკა, კონკრეტულად რა მიზანი გაქვთ?

მამუკა მუმლაძე: ჩვენ პრინციპულად მივდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გზით. ვმუშაობთ ავტობუსების სწრაფი ზონების შექმნაზე, რაც უკვე შევქმენით კიდევაც და ეს პროცესი ისევ მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალური ქუჩებში, როგორიცაა რობაქიძე, შარტავა, კოსტავას გამზირი, ჯერ კიდევ შარშან, ავტობუსების სწრაფი ზოლები შევქმენით, სადაც მხოლოდ ავტობუსებს შეუძლიათ იმოძრაონ და არანაირი შეფერხება არა აქვთ. ასეთივე ზოლი ძალიან მალე მოეწყობა ხიზანიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ ამ ქუჩებზეც.  

მალე შემოვიღებთ საათობრივ-ზონალურ პარკირებას გადატვირთულ ადგილებზე, სადაც მაგალითად, ოფისში მისულ ადამიანს შეეძლება, დააყენოს ავტომობილი და საათობრივად თანხა გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ამ რეგულაციების გამო ტაქსებს მომხმარებელი აღარ ეყოლება, პირიქით, ჩვენი მივდივართ იქით, რომ კერძო ავტომობილების მფლობელებს ალტერნატივად საზოგადოებრივი ტრანსპორტი შევთავაზოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის დიდი ნაკადი გადანაწილდება ავტობუსებში და ტაქსებზე, ანუ მათ მომხმარებელი უნდა მოემატოთ, კანონზომიერების გათვალისწინებით.

ბევრი, ვინც კერძო ავტომანქანას იყო მიჩვეული, შეიძლება უცებ არ გადაჯდეს ავტობუსში და ტაქსით სარგებლობა ამჯობინოს, თუმცა ძალიან კარგი ავტობუსები გვეყოლება. ახლა ევროპაში „ევრო 6- ები“ რომ მოძრაობენ, ნაწილი უკვე ჩვენს დედაქალაქიც შემოვიდა, ახლო მომავალში კიდევ გვეყოლება ახალი, კომფორტული, სუფთა და მოწესრიგებული ავტობუსები, რითაც განსაკუთრებით ის ზონები დაიტვირთება, სადაც საათობრივ-ზონალურ პარკირებებს შემოვიღებთ. ამ შემთხვევაშიც, ტაქსს ყველგან ვითვალისწინებთ.

ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, სისტემას მწყობრში მოიყვანს, გაჩნდება პარკირების ადგილები და მოძრაობაც განიტვირთება. მოძრაობა თავისუფალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები გადასხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ვისაც გაუძვირდება პარკირების ადგილი, რაც დღესდღეობით, ფაქტობრივად უფასოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდეს.   

„მედიაცენტრი მთავარი“: როდის ამოქმედდება საათობრივ-ზონალური პარკირება და რა თანხის გადახდა მოუწევთ ავტომანქანის მფლობელებს ამ შემთხვევაში?

მამუკა მუმლაძე: საათობრივ-ზონალური პარკირება ივლისიდან ამოქმედდება და სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილ ლესელიძეზე) შემოვიღებთ. გვინდა ავამოქმედოთ 50-თეთრიანი ტარიფი ერთი საათის განმავლობაში. თითოეულ მოსახლეს კი, რომელიც 100 მეტრის რადიუსში ცხოვრობს ზონალური პარკირებიდან, საშუალება ექნება ორი მანქანა დაარეგისტრიროს და უფასოდ გააჩეროს ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, ანუ წლიური 50-ლარიანი პარკირების საფასური უნდა ჰქონდეს მხოლოდ გადახდილი.  

თუ ბევრ ავტობუსს შემოვიყვანთ და პლუს ზონალურ პარკირებას ავამოქმედებთ, ეს გამოიწვევს დაპარკინგებული მანქანების შემცირებას, რადგან დამატებით ხარჯს ყველა მოერიდება.

ეს ჩვენი მოგონებული სისტემა არაა, მთელ ევროპაში ასეა, სადაც ვერაფერით მოერივნენ საცობებს, პარკირების სიმცირეს… ევროპული ქალაქების სტატისტიკას რომ თვალი გადავავლოთ, თბილისში მუნიციპალური პარკირებების საშუალოზე მაღალი კოეფიციენტი გვაქვს, მაგრამ ავტომფლობელები მაინც უჩივიან, რომ არ არის საკმარისი. პრაქტიკულად ყველგან, თბილისის ქუჩებში, პარკირება გვაქვს და სადღა დავამატოთ? არ არის საშუალება. მიწისქვეშაც რომ გააკეთო, მაინც არ გამოვა იმდენი, რომ ყველა დააკმაყოფილოს.

რაღაც ეტაპზე ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რა ჯობია, გვქონდეს საცობები, მოწამლული ჰაერი და აბსოლუტურად არაკომფორტული მგზავრობა იგივე კერძო მანქანით, თუ გამოსავალი ვიპოვოთ, თუნდაც ისეთი, როგორსაც ევროპა გვთავაზობს?!

„მედიაცენტრი მთავარი“: ცოტა ხნის წინ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა “მთავართან“ საუბარში განაცხადა, რომ „როცა ტაქსების ე.წ. რეფორმა, დააანონსა მერიამ, რასაც რეფორმას ვერ დავარქმევ, მაშინვე ვთქვი, რომ უშვებენ დიდ შეცდომას, რადგან ვერ ხვდებიან, რომ იაფი ტაქსი მათ ეხმარებათ, არ გამოჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისეთი მწვავე კრიზისი, რაც გვაქვს”. სპეციალისტი თვლის, რომ ავტომობილს, წელიწადში ორჯერ ინსპექტირების გასავლელად, მომზადება სჭირდება, სადაც ხარჯებმა შეიძლება 400-500 ლარიც შეადგინოს. აქედან გამომდინარე, ფასების ზრდას, ის ლოგიკურად მიიჩნევს…

მამუკა მუმლაძე: კი, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ყველას უწევს ეს ტექდათვალიერება, როგორც ტაქსის, ასევე კერძო ავტომობილის მფლობელს. ხოლო რაც შეეხება ტაქსის ნებართვის აღებას, საკმაოდ მინიმალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, –  100 ლარი ჩვეულებრივი ავტომანქანისთვის, 50 ლარი ჰიბრიდისთვის, ელექტრომობილებისთვის კი საერთოდ უფასოა, მაგრამ ითვალისწინებს მგზავრის მომსახურეობის გაუმჯობესებას და ყველას მოეთხოვება. შეკეთება კი, ნებისმიერ მანქანას შეიძლება დასჭირდეს, რისი დანახარჯიც დაზიანების მიხედვით განისაზღვრება.

იგივე მესხიშვილი და მისი მეგობარი არასამთავრობოები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ადამიანის უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული და ამის „წამალია“ სწორედ ტექდათვალიერება.

შემდგომ კი არ მივხვდებით, ძალიან კარგად ვიცით როგორი დეფიციტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მოსახლეობის მინიმალური მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, დამატებით კიდევ 200 ავტობუსი გვჭირდება დედაქალაქში, იმის გარდა, რაც დღესდღეობით მუშაობს. ჩვენ ამისთვის კომპანია დავიქირავეთ, რომელიც მასშტაბურ კვლევას აწარმოებს და მოსახლეობაც გამოიკითხა იმისათვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო. რამდენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რამდენმეტრიანი ავტობუსებია საჭირო, მათი დირექტივით ვითვალისწინებთ.

ახლო მომავალში დამატებით, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები უნდა შევიძინოთ, რათა მომხმარებლის მოთხოვნები, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, დავაკმაყოფილოთ. ამისთვის ვქმნით მხოლოდ ავტობუსისთვის გამოყოფილ ზონებს  და ვთვლით, რომ სწორ გზაზე მივდივართ, რადგან ჩვენი პოლიტიკა კერძო ავტომობილების მოხმარების შემცირებაზეა ორიენტირებული.

ახალმა „მანის“ ავტობუსებმა, რაც ორი წლის წინ შემოვიყვანეთ, 25 პროცენტით გვიჩვენა მგზავრის მატება.

ეს მგზავრი საიდან წამოვიდა? – ნაწილი კერძო მანქანიდან და ნაწილი მიკროავტობუსებიდან იმიტომ, რომ კარგი და კომფორტულია ახალი ავტობუსით მგზავრობა. შესაბამისად, თუ რადიკალური რეფორმა არ გავატარეთ, ასევე მიკროავტობუსების ნაწილშიც, მიზანს ვერ მივაღწევთ.  

რაც შეეხება ტაქსის ფასებს, ამას ბაზარი დაარეგულირებს. ვერ გაზრდიან ფასებს ტაქსები, რადგან ჩვენ უკვე ვიწყებთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამას. 2019-2020 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება ავტობუსების პარკი. შესაბამისად, ტაქსის მძღოლების მხრიდან ფასის მატება გამოიწვევს მგზავრის გადასვლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ეს მათ მშვენივრად ესმით.

„მედიაცენტრი მთავარი“: როგორ ფიქრობთ, ბატონო მამუკა, 24-მეტრიანი ავტობუსები თავისუფლად იმოძრავებენ თბილისის გადატვირთულ ქუჩებში?

მამუკა მუმლაძე: ჩვენც გაგვიჩნდა ეს კითხვა, ბუნებრივია, მაგრამ ექსპერტმა დეტალურად განგვიმარტა და წარმოგვიდგინა სწორედ თბილისის მსგავსი ქალაქის ქუჩები, სადაც ეს 24-მეტრიანი ავტობუსი მოძრაობს. თუ 18-მეტრიან ავტობუსს აქვს ერთი გადაბმის ადგილი, 24-მეტრიანს ორი გადაბმის ადგილი აქვს, ძალიან მოხერხებული, მოქნილია და უკანა საბურავებიც ეხმარება იმაში, რომ რთულ მოსახვევებში მანევრი გააკეთოს.

სხვაგვარად, მაგალითად, დიდი დიღომი ვერ განიტვირთება, რადგან ამ კონკრეტულ უბანში მეტრო არ არის და მგზავრების გადმოყვანა პრობლემას წარმოადგენს.

18-მეტრიანი ავტობუსები ნებისმიერ შემთხვევაში გვეყოლება, 24-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის კი, საბოლოო დასკვნას ველოდებით.

„მედიაცენრტი მთავარი“: უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როდის იგეგმება მათი შემოყვანა?

მამუკა მუმლაძე: სადღაც სამ თვეში უნდა იყოს უკვე წარმოდგენილი დოკუმენტი, რის მიხედვითაც მოგვეცემა ლოგიკური ვადები, თუ რა ვადებში შევძლებთ ავტობუსების შემოყვანას. მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ტრანსპორტის შესყიდვას მანამ, ვიდრე სრულყოფილად არ მოხდება თბილისელების მოთხოვნის დაკმაყოფილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების ამ ნაწილში.

„მედიაცენტრი მთავარი“: მოძრაობის განტვირთვის კიდევ ერთი და ჩემი აზრით, საუკეთესო საშუალება მეტროა, რაზეც ჯერ არაფერი გითქვამთ. ამ მხრივ თუ იგეგმება ცვლილებები, გარდა იმისა, რომ დალოდების ინტერვალი შემცირდა და ვაგონებს ახალი შემადგენლობებიც დაემატა?

მამუკა მუმლაძე: ინტერვალი შემცირდა და მგზავრთა მატებაც მიმდინარეობს, თბილისის მეტრო 400 ათასამდე მგზავრს ემსახურება დღის განმავლობაში. ვაგონებს შარშან 4  შემადგენლობა დაემატა, წელსაც დაემატება 4-4, პარალელურად კი მატარებლების რემონტი მინდინარეობს, რაც ლოგიკურად კიდევ შეამცირებს ლოდინის ინტერვალს.  

მეტრო, რაღაც კუთხით, ყველა დანარჩენ ტრანსპორტზე კომფორტულია, რაც მისი მომხმარებლის რაოდენობითაც დასტურდება. ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ეს მგზავრები ავტობუსებში გადანაწილდებიან და რეალურ შედეგსაც დავინახავთ. დღეს ყველაზე მეტი ზეწოლა მეტროს აქვს.

„მედიაცენტრი მთავარი“: მიკროავტობუსები ახსენეთ და გასაგებია, რომ თქვენგან დამოუკიდებელი კომპანიაა, მაგრამ ალბათ თქვენც, ისევე როგორც მოქალაქეთა უმრავლესობა, თვლით, რომ ამ კუთხით ბევრი რამ არის გადასახედი?!

მამუკა მუმლაძე: მიკროავტობუსების კომპანიამ, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, სერიოზული საფრთხე დაინახა. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ ასე სწრაფად დაიგეგმებოდა და ამდენი თანხა ჩაიდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით.

მიკროავტობუსების ნაწილში უკვე რამდენიმე მარშრუტი გაუქმდა იმიტომ, რომ ავტობუსის ხაზები აღვადგინეთ. გაუქმებული 35 ხაზიდან მოვახერხეთ და 13 აღვადგინეთ, ავტობუსები გავუშვით იმ ხაზებზე, სადაც მიკროავტობუსების დუბლირება მოხდა.

კომპანიის პირველადი მონაცემებით, მიკროავტობუსები გათვალისწინებული იქნება მესამედ ხაზებზე, ანუ მოკლე მარშრუტებზე, შემდეგ წამოვა მეორადი ხაზი, სადაც 8 და 10-მეტრიანი ავტობუსი იმუშავებს, შემდეგ კი – პირველადი ხაზი, სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმუშავებენ. ეს ხაზები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და მეტროსთან გაჩერდება.

აქ თავისი ბიზნესგეგმა უნდა გათვალოს მიკროავტობუსების კომპანიამ, რადგან თუ არ აეწყო ახალ ბიზნესგეგმაზე, საშიშროება ემუქრება, რომ ბაზრიდან გაქრეს. ჩვენ კი არ გავაუქმებთ, თავისთავად გაქრება. დატვირთვა წამოვა ავტობუსებზე და ჩვენ კიდევ მეტი ავტობუსის ყიდვა მოგვიწევს.

ველოდებით, რა წუთსაც მივიღებთ მიკროავტობუსების კომპანიისგან გადაწყვეტილებას, რომ პარკის განახლებას შემჭიდროებულ ვადებში დაიწყებენ და მათი ვალდებულება გადაიხედება, ჩვენ უკვე  ავეწყობით მათთან თანამშრომლობისათვის. უნდა მივიღოთ დასაბუთებული დოკუმენტი, რომ თავიანთი როლი დაგვანახონ ბაზარზე, შესაბამისად, შემჭიდროვებული ვადები ეძლევათ, რათა განვითარდნენ. თუ არ განვითარდებიან და არ დადებენ გრძელვადიან პირობას, დროზე ადრე გაქრებიან ბაზრიდან, ვინაიდან ავტობუსი „შეიწოვს“ მათ მგზავრს.

რამდენიმე კვირაში ახალი ავტობუსები გაჩნდება უკვე სხვადასხვა მარშრუტზე. ვალდებული ვართ, მოსახლეობას აღვუდგინოთ ადრე გაუქმებული ხაზები, რომლებიც მიკროავტობუსებზე აეწყო.  

„მედიაცენტრი მთავარი“: დაბოლოს, ბატონო მამუკა, რას ეტყოდით იმ ტაქსის მძღოლებს, ვინც გუშინ მერიის წინ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებდა. ისინი ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ. იგეგმება ეს შეხვედრა?

მამუკა მუმლაძე: რაზეც ვისაუბრეთ, ესაა პასუხი ყველაფერზე. ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც მგზავრის, ასევე ტაქსის ბიზნესში ჩართულ პირთა ინტერესებს, მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია და ვცდილობთ, ყველა პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არსებული რეგულაციები ამ ადამიანებს ტვირთად არ დააწვეთ და ზედმეტი პრობლემა არ შეექმნათ.

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

მსგავსი თემები