მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს ცესკო-ს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა, რომელიც 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

„მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს დადასტურებული არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც არის მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ ასევე განსაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ახალი ვადები.

მოგეხსენებათ, კანონმდებლობის მიხედვით ეს ორივე არჩევნები ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი განსხვავებულია. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ განსაზღვრა და ასევე გეგმავს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს.

შესაბამისად, ვადების სრული დაცვით იქნება ეს ორი არჩევნები დანიშნული. უნდა აღინიშნოს, რომ დღეიდან დაიწყო ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა და პროცედურები, ასევე დაშვებები და აკრძალვები, რაც არის უშუალოდ დაკავშირებული არჩევნების დანიშვნასთან, ამოქმედდა ის მუხლები, რაც დაკავშირებულია წინასაარჩევნო კამპანიის ანუ აგიტაციის წარმოებასთან, გარდა ამისა, ამოქმედდა ის ნორმები, რაც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრებისა და თანამდებობრივი თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვას.

დღეიდან უკვე პოლიტიკურ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია, განცხადებით მომართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით და მომართვის ბოლო ვადა არის 23 მარტი.

დღეიდან მედიასაშუალებებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უკვე აქვთ საშუალება აკრედიტაციის გავლის მიზნით მომართონ ცესკო-ს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

მსგავსი თემები