აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და ცივილიზებული განვითარების გზას დაადგება.
ჯემალ გამახარია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი იყოს.
,,არ ვარ ფრენების აღდგენის წინააღმდეგი, თუმცა ის, რომ რუსეთი ამის გამო აფხაზეთს ან რაიმეს დაგვითმობს… ადრე ხომ იყო ფრენები? ბატონმა სააკაშვილმა უვიზო რეჟიმიც დააწესა და ფრენებიც იყო ინტენსიურად, მაგრამ რა? არაფერი. არ ველოდებით, აფხაზეთის და სხვა ოკუპირებული რეგიონის პრობლემის მოგვარებას. ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ კონფლიქტი ავიცილოთ, არ გავხდეთ კონფლიქტის მხარე და მონაწილე. როდესაც დადგება საკითხი, რომ რუსეთმა უკრაინა უნდა დატოვოს, განსაკუთრებით კი ყირიმი, რას მოიმოქმედებენ ეს არაადეკვატური ადამიანები არავინ იცის. ამიტომ ჩვენ პატარა ქვეყანას, რომელსაც არავინ იცავს, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ გადავრჩეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზეთს არავინ დაგვიბრუნებს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნდება მაშინ, როდესაც რუსეთი დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დამარცხდება და დაადგება ცივილიზებული განვითარების გზას,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში”.
“ის, რომ რუსეთი აფხაზეთს ან რამეს დაგვითმობს, ილუზაა” – ჯემალ გამახარია “მედიაცენტრ მთავარში”