„მე ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

ახალი არაფერი მითქვამს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი , –  ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომის დაწყების მიზეზზე მის მიერ გაკეთებული განცხადებას.

მისი შეფასებით, ომის დაწყებაში ნატო კი არ დაუდანაშაულებია, აღნიშნა, რომ  ომი უკრაინის სურვილის გამო მოხდა.

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ, მათ შორის ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ ყოფილი და მოქმედი ლიდერების გამონათქვამებს.  სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე, თუ მესამე დღეს, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში, ბრატისლავაში და უბრალოდ სხვა ფორმულირებით, სიტყვა ნატო-ს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი და თქვა, რომ უკრაინა ამის გამო ისჯება.

ევროპული არჩევანის გამო მოხდა თურმე ეს ომი. მე ვთქვი, რომ ნატო-ს გამო კი არა, უკრაინის სურვილის გამო მოხდა ეს ომი, ასე რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს. აქ ახალი არაფერი თქმულა. მე ნატო კი არ დავადანაშაულე ამ ომის დაწყებაში. ეს ხომ აბსურდია – როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავად ოკუპირებულია, თავისი გამოწვევები აქვს, გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ადანაშაულებენ, ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. თუმცა არაფერი არ მიკვირს მავნებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იტყვიან. მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები