„მთელი ეს ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ჩამოირეცხა ამ ერთი ძალიან სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილის არის მტყუანი“ – ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა ლობისტებისთვის, რომ მათ დაეჯერებინათ ის, რასაცა მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ავრცელებს.
„არგუმენტი არ არსებობს, მე ამას ვეტყოდი ყველა კრიტიკოსს, მათ შორის, იმ დაქირავებულ ლობისტებს, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობით თანხა აქვთ აღებული სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და შემდეგაც. ჩვენ კარგად ვიცით, მათ შორის, ბოლო პერიოდში, ვიტყოდი, რომ მილიონები დახარჯეს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების კამპანიაში“ – აღნიშნა პრემიერმა მედიასთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, დახარჯა, როგორც ამერიკულ კომპანიებს გადაუხადა, ასევე ევროპულ კომპანიებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ.
„მე ამის ახსნა დამჭირდა ძალიან ბევრჯერ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილს თურმე არ ვაწამებთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებასა და ცილისწამებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად, ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად. მთელი ეს ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ჩამოირეცხა ამ ერთი ძალიან სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილის არის მტყუანი. ყველა ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მომდინარეობდა ნიაღვრის სახით მთელს მსოფლიოში, თქვენ კარგად იცით, რომ მთელს მსოფლიოს მოსდეს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამეთ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ხდება.
რატომ მოვუარე შორიდან და რატომ გიპასუხეთ ასე. როგორც უარგუმენტო და უსაფუძვლო იყო მთელი ეს კრიტიკა და ბრალდებები, ასეთივე უსაფუძვლო არის მათი განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენი თითქოს სურვილის შესახებ, რომ ჩვენ აღარ გვინდა არც ნატო, არც ევროკავშირი. ამ დროს, ყველაზე მეტი და ერთადერთი ძალა, ვინც გააკეთა მაქსიმუმი და რეალური შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს, ვართ ჩვენ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა და ნატოს სამხედრო ერთობლივი ბაზა, რომელიც მე გავხსენი ბატონ სტოლტენბერგთან ერთად. ეს არის შედეგები, მეგობრებო. ჩვენ შედეგებით უნდა გავაკეთოთ დასკვნები და არა იმ ყალბ ნარატივზე, რომელზეც ყოველთვის ჩვენი ოპონენტები აპელირებენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.