„ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროპელი კოლეგები მის იმ მოსაზრებასაც ეთანხმებიან, რომ 2008 წლის ომს მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია, რაც შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, მე ასე ვიტყოდი, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები. ბუნებრივია, თქვენ გესმით ძალიან კარგად, რომ განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინა და ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ არ იცის, როდის დასრულდება. ეს არის მთავარი გამოწვევა. უკრაინის გარშემო და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების რისკები, რომლებიც შექმნა ამ ომმა და რომელიც არის გადამდები, ასე ვთქვათ, მთელი ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის.

ბუნებრივია, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ თავისი ტერიტორიული პრობლემები, უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც გვაქვს ჩვენ, საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს ორმაგად და სამმაგად არის უფრო საყურადღებო. მე ასევე მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც მოდერატორობა გაუკეთა ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა. აქაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რუსეთმა სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები