„ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ზელენსკის განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს“, – ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას.

უკრაინის პრეზიდენტ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მას არანაირი სურვილი აქვს, ზელენსკის განცხადებების შეფასებებით სპეკულაციების საფუძველი გააჩინოს.

„ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ყოველდღე ნადგურდება ქალაქები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები ყველა ზარალდებიან ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. მინდა, ომში მყოფ ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები