ირაკლი ლექვინაძემ თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ  ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სესიას – „კონკურენტუნარიანობის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ ირაკლი ლექვინაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარუდგინა.

„ქვეყნის დონეზე მიღწეული – მშვიდობის და განვითარების პოლიტიკა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები, უსაფრთხოება, ბიზნესისთვის მეგობრული კანონმდებლობა და პროგრამები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებები; მუნიციპალურ დონეზე ბოლო წლებში თბილისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტები, სატრანსპორტო სექტორში და მწვანე ინფრასტრუქტურაში ჩადებული მსხვილი ინვესტიციები, სოციალური პოლიტიკა, საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ხელსაყრელი პირობები,  მსხვილი ტურისტული და სავაჭრო ბრენდების შემოსვლის დინამიკა, ტექნოლოგიური გარემო, გასართობი ობიექტები ყველა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის ქმნის იმ უპირატესობას, რითაც თბილისი გამორჩეულია კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებს შორის კონკურენტუნარიანობით, ამას ქვეყნის და ლოკალურ დონეზე მომზადებული სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს’’ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიების ფარგლებში  მონაწილეებმა   შემდეგი  ძირითადი თემები განიხილეს:  მდგრადი ეკონომიკური განვითარება; ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში; ბიზნესგარემო საქართველოში, სექტორის განვითარების ტენდენციები; მწვანე ეკონომიკა; ტურიზმი – ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები; ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და  საინვესტიციო შესაძლებლობები; კონკურენტუნარიანობის როლი  სოციალურ- ეკონომიკურ  განვითარებაში და ა.შ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ღონისძიება „მდგრადი განვითარება – მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“ გახსნეს: თბილისის მერმა, კახა კალაძემ;   ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან  დავითაშვილმა;  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ილია დარჩიაშვილმა;  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ;  გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ  ბერესფორდმა;  დანიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენიმ.

მსგავსი თემები