„მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური“ – პრეზიდენტი

საქართვლოს პრეზიდენტის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო აღმოჩნდეს იქ, სადაც იმსახურებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველები ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის მადლობა გადავცე ევროპას, რადგან ევროკავშირმა მხარდაჭერა გაუწია საქართველოს აყვავებას ყველა სექტორში. საქართველოს ეკონომიკისთვის არსებობს ევროპული დახმარება და ევროპული ბაზრების გამოყენება საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას იწვევს. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური და აბსოლუტურად მიუღებელი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას.

„როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს. საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირში, პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი იყო შუამავალი და შეაჩერა რუსეთის სვლა საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცაღა, არ იყო საკმარისი ევროპული რეაქცია, რადგან რუსეთმა არ გადაიხადა შესაბამისი ფასი, მაგრამ ევროპის გარეშე თბილისის ოკუპაცია მოხდებოდა.

ევროკავშირი მუდამ მხარს გვიჭერს მაღალ დონეზე დიპლომატიური მიმართულებით, შიდა და საგარეო თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მეგობრებს, მათი მუდმივად დახმარებისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები