,,ხვალ დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ ქართველია”- პრეზიდენტი

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა რომ იგრძნონ, საჭიროა ორი რამ, მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით,  დიასპორის წარმომადგენლებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ ჩვენს განვითარებაში.

,,ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მოქალაქეობა დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, დაიბრუნოს. არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს ქონებას, თუ არ ფლობს. ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყო გამოყენებული. რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში, რა უნდა იყოს ახალი დამატებითი კრიტერიუმები.

მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიჰყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები. სამი წელია, იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, რომ გავამარტივოთ. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ნუ ვეკითხებით. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ , რომ ქართველია.

ეხლა უნდა ჩვენ მათ მივცეთ ეს ხელი, მივაწვდინოთ, რომ მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, რადგან ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, ეს არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები