,,რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოციდა , საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა”- ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს  არ ჰქონია არც ომი და არც კონფლიქტი.

„ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქენო, გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი. ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიული კონტროლი ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებზე და ბოლოს ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ შევედით, ასე ვთქვათ, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირი ომი.

ახლა მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, ბოლო ამ 30 წელიწადს ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა მმართველობის დროს ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენს მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი რაიმე დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც მთავარი ფუნდამენტია. რომელი დიასპორის წარმომადგენელი ჩამოხვიდოდით, აქ რომ ყოფილიყო ომი, უბედურება, რომელი დიასპორის წარმომადგენელი იფიქრებდა იმაზე, რომ საქართველოში დაბრუნდეს, დაიწყოს წარმოება, ბიზნესი განავითაროს და ა.შ. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით ყველასთვის, ქვეყნის შიგნით მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თუ საზღვრებს გარეთ მცხოვრები დიასპორისთვის. ეს არის პირველი მთავარი სვეტი, რომელზეც მინდოდა, რომ მესაუბრა. მთავარი არის მშვიდობა და სტაბილურობა,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები