„პირდაპირი რეისი რას აშავებს? მაინც და მაინც სხვების მიწას უნდა შეეხოს თვითმფრინავის ბორბლები“ – თამაზ გაიაშვილი

„ძალიან გამაკვირვა თქვენმა წონასწორობიდან გამოსულმა და რადიკალურმა ქმედებებმა ქართული ავიაკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ოცდაათი წელიწადია მოღვაწეობს და მრავალი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი – დაწყებული, აფხაზეთის ომით და, დამთავრებული, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებით“ – Georgian airways-ის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიის ოფისს კვერცხები დაუშინეს და ყველას დასჯას ითხოვს.

„თქვენ რა გააკეთეთ? შეურაცხყოფა მიაყენეთ კომპანიას, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, რომლებიც გმირობას სჩადიოდნენ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების დროს. თქვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი მოვარდა კომპანიის ოფისთან ლაყე კვერცხების სროლით და შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით იმის გამო, რომ ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით. იბადება შეკითხვა: რუსეთის მიმართულებით დღემდე არ სრულდებოდა რეისები და არ დაფრინავდა ხალხი? საზღვრები ხომ არავის ჩაუკეტავს?! თუ შეგვიძლია ვიფრინოთ აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის გავლით, პირდაპირი რეისი რას აშავებს?

მაინც და მაინც სხვების მიწას უნდა შეეხოს თვითმფრინავის ბორბლები,  რომ რუსეთში გაფრენის უფლება მოიპოვოს? ხედავთ, რა აბსურდამდე მიხვედით?! თვითმფრინავმა რატომ არ შეიძლება იფრინოს პირდაპირ, თუკი ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის გზა ღიაა?! რატომ გინდათ, რომ თვითმფრინავი გამონაკლისი იყოს?! ამით ხომ მხოლოდ ქართველ ხალხს აწვალებთ. თქვენ მიერ ნაკარნახევი ფრენის ეს რეჟიმი სახელმწიფოს მეთაურებს ხომ არ ეხება, ეს წვალება, რომელსაც თქვენ ქადაგებთ, მხოლოდ ხალხის კისერზე გადავა“ – აცხადებს გაიაშვილი.

მისი შეფასებით, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს საზოგადოების დემოკრატიულად განვითარებას, მოძალადე უმცირესობის დასჯას კანონის შესაბამისად, მან უნდა დაუთმოს გზა ოპოზიციას.

„2008 წლის ომში დამარცხებულმა მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსთაველზე აღლუმი ჩაატარა და დამარცხება გამარჯვებად შემოგვასაღა; რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა;, საჰაერო ფრენები აღადგინა; თითქმის ყველა სტრატეგიული დარგი რუსეთს მიჰყიდა; საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ხელი მოაწერა და მათთან თანამშრომლობის ყველა ფორმა, გარდა დიპლომატიურისა, შეინარჩუნა.

რატომ არ აპროტესტებდით და აპროტესტებთ ყველაფერ ამას?
კარგით, ეს თქვენ სინდისზე იყოს, მაგრამ თქვენგან მინდა მოვისმინო განმარტება – რას ნიშნავს დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რისთვისაც თქვენ ასე თავგამოდებით იბრძვით? დემოკრატია ხომ იმას ნიშნავს, რომ მე თქვენს აზრს უნდა ვცე პატივი და, პირიქით, თქვენ ჩემ აზრს უნდა სცეთ პატივი. თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთის აზრს, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს გამოხატვის წესი – შეგიძლია დადგე ტროტუარზე, აწიო ტრანსპარანტი და გააპროტესო, ვთქვათ, რუსეთის მიმართულებით ფრენა. ოღონდ ეს არ უნდა გადაიზარდოს მუქარაში, შეურაცხყოფაში, კვერცხებისა და ქვების სროლასა და ძალადობრივად თქვენი აზრის სხვისთვის თავზე მოხვევაში, ტურისტებისთვის სასტუმროებში მივარდნასა და ა.შ., რაც კანონის სერიოზული დარღვევაა. შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ მეორე ფრონტსაც გახსნიდნენ საქართველოში.

ამის გამო იძულებული ვარ მივმართო და ვთხოვო ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს კონსტიტუციის მიხედვით და დამნაშავეები დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. ხელისუფლება მხოლოდ თვითონ კი არ უნდა იყოს დემოკრატიული, იგი ვალდებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც გადის დემოკრატიის ჩარჩოებიდან, კანონით დაშვებული მეთოდების გამოყენებით დააბრუნოს ამ ჩარჩოებში. ეს დემოკრატიის ანბანია.

ხელისუფლება თუკი ვერ ახერხებს საზოგადოების დემოკრატიულად განვითარებას, მოძალადე უმცირესობის დასჯას კანონის შესაბამისად, მან უნდა დაუთმოს გზა ოპოზიციას, რომლებიც რუსეთთან შესანიშნავად ბიზნესურთიერთობასაც ახერხებდა, და დამნაშავეებთან ერთად უდანაშაულო ადამიანებსაც კარგად სჯიდა.
ასეთ შემთხვევაში დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით 2008-2010 წლებში“,- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

 

მსგავსი თემები