,,საერთაშორისო საზოგადოება იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა”- ფაშინიანი

სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ჩვენს რეგიონში კვლავ დაძაბულია. სომხეთის მთავრობა ამ დაძაბულობის დაძლევის უპირველეს მეთოდად მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობას მიიჩნევს –  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ შეთანხმებისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების ირგვლივ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას ტექსტზე და მოვაწერთ ხელს. საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა – 29 800 კვ. კმ და 86600 კვ. კმ, შესაბამისად და ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის უნდა გამართულიყო დიალოგი მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტია არის მშვიდობა, რაც შესაძლებელია ყველა მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზებით.

,,ჩვენ ვეთანხმებით ამ ლოგიკას და ამ ლოგიკით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ხაზს ვუსვამთ, რომ სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის გარანტირების საერთაშორისო მექანიზმები ძალზე მნიშვნელოვანია. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტია არის მშვიდობა, რაც შესაძლებელია ყველა მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზებით. ეს შორს არის მარტივი პროცესისგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სურს და მოელის,”-  განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები