“დიასპორა ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება იყო” – კობახიძე კვაჭანტირაძის გადაყენებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ამას უმრავლესობამ გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით მიიღო. 

კობახიძის შეფასებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, დიასპორა პარლამენტში ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება იყო.

„არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პარლამენტის მიერ პოლიტიკური წესით და პოლიტიკური საფუძვლით, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სამართლებრივი საფუძვლით. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას, არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ყველა პროცედურა დაცულია. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკური დასაბუთება, ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე თავის დროზე ამ თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი წარდგენილი, შესაბამისად კიდევ ერთხელ შეიკრიბა უმრავლესობა და ის გადააყენეს.  

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლესობის პოზიცია აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა. მისივე შეფასებით, ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება გადაწყვიტა.

„სამწუხაროდ, ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა. მან გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტს უნდა გადაეყენებინა ის და არ აპირებდა თვითონ გადადგომას, მიუხედავად უმრავლესობის პოზიციისა“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები