,,მოწოდება, თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ, არის ბიძგი ქსენოფობიისკენ“- შალვა პაპუაშვილი

,,მოწოდება, თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ, არის ბიძგი ქსენოფობიისკენ”,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარშან რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების და საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით კამპანიის მიზანი ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო.

,,გახსოვთ, შარშან, როდესაც ზუსტად იგივე ჯგუფებმა ხელოვნურად შექმნეს თემები – სავიზო რეჟიმის დაწესება, საზღვრის ჩაკეტვა. თავის დროზე ეს თემა განიხილა საზოგადოებამ და თავისი ვერდიქტი გამოიტანა, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ უნდა მოხდეს. ბოლოს ოპოზიციამაც აღიარა. ამ ისტერიული კამპანიის მიზანი მაშინ ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო. ამაში ჩართული იყვნენ მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალურ-პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას, რომ ეს არის ქსენოფობიისკენ ბიძგი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ ქალს, რომელსაც სლავური გარეგნობა ჰქონდა, ქვა ესროლეს. ახლაც იყო ინციდენტი, მანქანაში მიუვარდნენ ვიღაცას სლავური გარეგნობის გამო. ეს არის სწორედ ქსენოფობიის წაქეზება და მნიშვნელოვანია, ამას თავიდანვე დაერქვას სახელი. დიახაც, ასეთი მოწოდებები, ამ ანალიზის ფონზე, როდესაც ჩვენ არანაირი სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და არც არის ქვეყნის ინტერესში, სწორედ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის ფონზე მოწოდება, თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ, არის ბიძგი ქსენოფობიისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები