,,ნაციონალური მოძრაობა” სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას აკრძალვაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“  მათ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ითხოვს , რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკძალვას ითვალისწინებს.

როგორც  პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ბიუროს სხდომაზე დღეს დააყენებენ საკითხს, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა.

„ჯერ კიდევ შარშან ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას აღნიშნული კანონპროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, მათ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოდეს და საპარლამენტო პროცესი გაყინეს. „რუსულმა ოცნებამ“ შემოუშვა გავრილოვი თავის დროზე, რომელმაც საქართველოს მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა; მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როდესაც მთელი ქვეყანა დახურული იყო და ადამიანები ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილი პანდემიის დროს; მათ ახლა უკვე შემოუშვეს ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც საერთაშორისოდ სანქცირებული პირები არიან და რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო.

ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში, თავად ლავროვი, რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, უკრაინის ომის, რომელიც ამბობს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააინიცირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ჩვენ აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ დღეს ბიუროს სხდომაზე და მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელოს, რათა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებული პირების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები