,,ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა, გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის რუსეთთან ესკალაციაზე” – პაპუაშვილი

,,ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, სხვა ეს ყველაფერი არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების  დაწესების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც  საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

,,ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, სხვა ეს ყველაფერი არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როცა აწესებს სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია რომ იქნება კონტრსანქციები, საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეექმნება საფრთხე.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება, ესაა უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, ასევე დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს, ანექსიის პოლიტიკამდე. ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ ანუ ისინი ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ რუსეთთან ესკალაციაში და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთთან, არავინ გვაძლევს არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები