„თურმე არ იცინ, რომ შემოდიან რუსები, თან სანქცირებული რუსები“ – პრეზიდენტი ლავროვის ოჯახის თბილისში ყოფნაზე

„რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა?! რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული?! ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?!“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების თბილისში ყოფნასა და ყვარელში დაგეგმილ ქორწილთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, პირველ რიგში, საზღვარი იყოს დაცული…

გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ – ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

 

მსგავსი თემები