„ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“ – კობახიძე ყვარელში ანტირუსულ პროტესტზე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყვარელში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში ქსენოფიბიის ადგილი არ არის. მისი თქმით, უცნაურია, რომ ელენე ხოშტარია პირველი იღებს ინფორმაციას საქართველოში  რუსი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციას.

„ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან.  ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის.

მე ვეყრდნობი სასტუმროს ინფორმაციას, ამაზე არ მაქვს დაზუსტებები, მონაცემები. ჩემთვის მთავარია, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც მიხალკოვის შვილის ქორწილი შედგა საქართველოში, მაშინ პირადად ესტუმრა მას მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.  დღეს იგივე ადამიანები გამოდიან ქსენოფობიური კამპანიით. ეს არის ორმაგი სტანდარტი.

როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, ზუსტად იცის, რომ კონკრეტული ადამიანია ჩამოსული საქართველოში. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ ის პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები