დიდი ალბათობით, მთაწმინდაზე ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ვაკანტური სავარძლის დასაკავებლად ემზადება. მართალია, გადაწყვეტილება ოფიციალურად გაჟღერებული არ არის, თუმცა, თავად კანდიდატი შავგულიძე „მედიაცენტრ მთავარში“ არ მალავს, რომ მისი კანდიდატურა მთავარი განხილვის თემაა.


„თავისუფალმა დემოკრატებმა” გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვტოვოთ ეს არჩევნები და მონაწილეობა მივიღოთ. გუნდში ჩამოვყალიბდით, რომ მე ვიყო წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად, რის შემდეგადაც ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან. კონსულტაციები გვაქვს “ევროპულ საქართველოსთან”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციასთან“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.


რესპონდენტის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ერთმანეთს კანდიდატი არ დაუპირისპირონ და ხმები არ წაართვან.

„კონსულტაციები ასევე დავით უსუფაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან. ეს კონსულტაციები ემსახურება იმას, რომ თუ შენარჩუნდა მაჟორიტარობის სისტემა და თუ ხელისუფლებამ არ დათმო ეს ბერკეტი, დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს ხმები არ გავუყოთ და კონკურენცია არ გავუწიოთ. ვართ ამ კონსულტაციებში რეჟიმში და ამ კვირაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ გიმალავთ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება“- განაცხადა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.


„მთავარის“ კითხვას, საკუთარი კანდიდატურის დასახელებას ალეკო ელისაშვილიც აპირებდა, ჩაიხსნა თუ არა მისი კანდიდატურა, შავგულიძემ უპასუხა, რომ თუ ვინმეს საკუთარი თავის დასახელება სურს, ამას თავად გააკეთებს.

„არ მინდა, სხვის ნაცვლად ვისაუბრო და გითხრათ ვის სურს კიდევ საკუთარი თავის დასახელება. თუ ვინმეს სურს, თავი დაასახელოს, ის თავად მოახერხებს ამას. ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა ჩახსნით არ ჩახსნილა და მას აქვს განცხადება გაკეთებული, რომ ის ფიქრობს მონაწილეობას. გვაქვს კონსულტაციები ერთმანეთთან“, – აღნიშნა შავგულიძემ „მთავარში“.

რესპონდენტი „ქართულ ოცნებასაც“ მიმართავს და მოუწოდებს, პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს: „მივმართავ “ქართულ ოცნებას”, უმჯობესია გაიზიაროს სრულიად ოპოზიციური სპექტრის ინიციატივა და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებშივე.“

მსგავსი თემები