,,არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების ინიციატორები, ყოველთვის ვცდილობდით ურთიერთობების ნორმალიზებას”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით,  რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენების აღდგენას ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა ითხოვდა.

ზახაროვას თქმით, მათი იზანია, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების კონტაქტების გამარტივებას შეუწყონ ხელი, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა.

,,ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების ინიციატორები, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდით ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების კონტაქტების გამარტივებას შევუწყოთ ხელი, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა.

ჩვენ ვიცით, რომ ამის მოთხოვნა იყო ადამიანების უზარმაზარი რაოდენობისგან. ჩვენ ამ თემას ხშირად ვუბრუნდებოდით, რისი მიზეზიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მონდომება იყო და საბოლოოდ ერთგვარ რიტუალად იქცა შეკითხვები, თუ როდის აღდგებოდა ავიამიმოსვლა, უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები არ უნდა იყოს პოლიტიკის მძევალი და ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს კანონსა და სამართალს. ამიტომ ვთვლით, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ მთლიანად ჯდება ამ ლოგიკაში,”- განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი თემები