,,დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარდეს და  კონსულტაციებისთვის დრო დაიტოვონ.

კობახიძემ  უმრავლესობის წევრებს  მოუწოდა არცერთ კანდიდატს დღეს მხარი არ დაუჭირონ.

„ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დავიტოვოთ დრო კონსულტაციებისთვის, დავიტოვოთ შემდეგი ათი დღე კონსულტაციებისთვის. რეგლამენტის თანახმად, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, ე.წ. მესამე ტური, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ოთხი კანდიდატის გარშემო, რომელიც დღესაც წარმოდგენილია, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წევრების მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ მხარი არ დავუჭიროთ (ეს არის ფორმალური ჟესტი, ფორმალური ნაბიჯი) არცერთ კანდიდატს და დავიტოვოთ სივრცე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ პლენარულ სხდომამდე, რომელიც 30 მაისს გაიმართება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. გუშინ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, აირჩიეს – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი,  მეორე ტური გაიმართება, სადაც  კენჭს უყრიან რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს.

მსგავსი თემები