მმართველი გუნდის მხარდაჭერის გამო, სამმა დეპუტატმა „ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე და  როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაში“ არ ირიცხება. დეპუტატებმა ფრაქცია დღეს მომხდარი ფაქტის გამო დატოვეს.

როგორც მაჭუტაძემ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ის „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემას უკავშირდება, კერძოდ, აღნიშნულმა სამმა დეპუტატმა მათ მხარი დაუჭირეს.

როგორც მაჭუტაძემ განმარტა,  არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ.

„საუბრები, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებიან. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, არ გვქონია არცერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“, მის არცერთ წარმომადგენელთან. ჩვენ რასაკვირველია, არაფერი გვაკავშირებს კლანთან“ –  განაცხადა მაჭუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, აღნიშნულმა სამმა დეპუტატმა კი თითი მწვანე ღილაკს დააჭირა.

 

მსგავსი თემები