„ავიაკომპანია „აზიმუტი“ დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ“ – ხატია დეკანოიძე

„ავიაკომპანია,  „აზიმუტი“ დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ“, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ავიაკომპანია,  „აზიმუტი“, რომელმაც მოითხოვა და მიიღო ნებართვა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მისი თვითმფრინავები დაეშვას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში,  დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, ამ ავიაკომპანიის კავშირები ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მიერ შესწავლას ექვემდებარება, ვგულისხმობ ძალიან სერიოზულ ინფორმაციას, რომ ავიაკომპანიას შესაძლებელია გამოყენებული ჰქონდეს საკუთარი ავიახაზები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ტექნოლოგიებისა და სამხედრო ტვირთების გადატანის მიმართულებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 მისი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი აეროპორტები დასანქცირდნენ.

„პრინციპში,  გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მიესალმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსია მისაღები. ეს არის  საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა და პრაქტიკულად, ეს არის საბოტაჟი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია ”აზიმუტს” 15 მაისს მისცა.  პირველი რეისი  19 მაისს შესრულდება.  გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს კვირაში შვიდჯერ განახაროციელებს.

მსგავსი თემები