თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დეპუტატ თამარ კორძაიას სარჩელი პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დავის მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრებისთვის, სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება, რამდენიმე თვეა შეჩერებულია.
,,დეკემერში პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ზოგადი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეიზღუდა მიხეილ სააკაშვილთან მონიტორინგის მიზნით პარლამენტის წევრების შესვლის უფლებამოსილება. თუმცა, ვადა არ განუსაზღვრავს. მე აპრილში მივმართე მას და ვთხოვე შეშვება, უარი მითხრა. უარი არ იყო დასაბუთებული, შემდეგ ვთხოვე დასაბუთებული პასუხი და ამაზე საერთოდ არ მიპასუხა. შევიტანე სარჩელი, იმიტომ, რომ, არ შეიძლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების თვითნებური შეზღუდვა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში. დაავალა შალვა პაპუაშვილს წარადგინოს წარმოების მასალები და ალბათ ამის შემდეგ ჩაინიშნება გამწესრიგებელი სხდომა. პარლამენტის წევრს, სპეციალური ნებართვის გარეშე აქვს პენიტენიცურ დაწესებულებაში შესვლის უფლება. ეს შეზღუდვა არ შეიძლება იყოს უსასრულო და სააკაშვილთან მიმართებით ეს გახდა უსასრულო. ხელისფულებას დისკომფორტს უქმნის ის, რომ პარლამენტის წევრები მივდივართ, ვნახულობთ და ვარკვევთ სააკაშვილის მდგომარეობას”. – განუცხადა კორძაიამ ტვ პირველს.