ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ქართულ-რუსულ ურთიერთობებში „ახალი ფურცლის გადაშლის“ პარალელურად, გრძელდება როგორც ე.წ. მცოცავი ოკუპაცია, ისე საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”.

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქე გუშინაც დააკავეს.

 

მსგავსი თემები