გთხოვთ, სალოცავებს უპატრონოდ ნუ დაგვიტოვებთ – მუსლიმთა მუფტი ხელისუფლებას მიმართავს

„ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციებთან ნუ გაგვათანაბრებს და შეუნარჩუნოს ჩვენი რელიგიის წინამძღვრებს აქამდე არსებული შეღავათით სარგებლობის უფლება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურად საუბრობს.

მუსლიმთა სულიერი ლიდერი ამ მიმართვით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის მიერ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ, დღეს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილ კანონპროექტს ეხმიანება, რაც მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, ყველა სხვა რელიგიური კონფესიის სასულიერო პირის ჯარში გაწვევას ითვალისწინებს.

ბეგლარ ქამაშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, მუსლიმთა მეჩეთები წინამძღვრების გარეშე დარჩება, იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა თხოვნას გაითვალისწინებს და მათ უფლებებს არ შეურაცხყოფს.   

მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა ქვეყნის წინაშე, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული ყველა რელიგია თანასწორუფლებიანი უნდა იყოს.  

ბეგლარ ქამაშიძე: როგორც ვიცი და რაც ტელევიზიით მოვისმინე, კანონში ცვლილებები ერთ-ერთი ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბების გამო გახდა აუცილებელი, მაგრამ თუ რომელიმე არასწორად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია ამბობს, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, ამას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო და ხელისუფლება!

მუსლიმანობა არის აღმსარებლობა და ღვთის წინაშე მსახურება, ჩვენ გვაქვს სალოცავები, გვყავს წინამძღვრები და ვიღაც-ვიღაცებმა რომ რაღაც ორგანიზაცია ჩამოაყალიბონ, ამის გამო მართლაც ტრადიციული რელიგიები პრობლემის წინაშე რატომ უნდა აღმოვჩნდეთ? ვიღაცის პრობლემები ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს არ უნდა შეგვეხოს და ჩვენ, მათთან გათანაბრებულ მდგომარეობაში არ უნდა აღმოვჩნდეთ. ეს ჩვენთვის მიუღებელია.

„მედიაცენტრი მთავარი“: კონკრეტულად რა პრობლემები შეგექმნებათ ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში?

ბეგლარ ქამაშიძე: დაგვრჩება მეჩეთები, წინამძღვრების გარეშე, რადგან ჩვენ არ გვყავს იმდენი მასწავლებელი და წინამძღვარი, რომ ისინი ჩავანაცვლოთ.

რა თქმა უნდა, ჯარი არის სავალდებულო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოს დასაცავად და ეს სამსახური თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მაგრამ როდესაც წინამძღვარს გაათავისუფლებ, ვინ უნდა ჩაუტაროს ქადაგება მეჩეთში მისულ მრევლს? ამ შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული ყველა რელიგია თანასწორუფლებიანი უნდა იყოს.  

ვთხოვთ სახელმწიფოს, გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა და ნუ შეგვიზღუდავს ამ შეღავათით სარგებლობის უფლებას, თორემ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადებით ბევრი ჩვენი წინამძღვარი სარგებლობს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია. როცა წინამძღვარი ხარ, სასულიერო პირს წარმოადგენ და ხარ მეჩეთში, მრევლს უპატრონოდ ვერ მიატოვებ.

„მედიაცენტრი მთავარი“: მხოლოდ წინამძღვრებზეა საუბარი? ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, ვინმეს მეჩეთი თავშესაფრად გამოეყენებინა?  

ბეგლარ ქამაშიძე: არა, რასაკვირველია! მაგის უფლებას ვერავის მივცემთ და სიმართლე გითხრათ, არც არავის უკადრებია მსგავსი რამ, რადგან ყველამ იცის, რომ ასეთ საბუთს არასდროს გავცემთ. ოფიციალურად ვისაც ვეხმარებით და ვისაც ხელფასს ვუხდით, ყველა აღრიცხული გვყავს და ვაკონტროლებთ.

ძირითადად, რის გამოც თხოვნით მივმართავ სახელმწიფოს, ჩემი რელიგიური პედაგოგები და მეჩეთის წინამძღვრები არიან. გვინდა, ამ ადამიანებმა აქამდე არსებული შეღავათებით ისარგებლონ. მაქვს იმედი, რომ ჩვენ თხოვნას სახელმწიფო გაითვალისწინებს და ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელთა უფლებებს არ შეურაცხყოფს.   

როგორც გითხარით, მუსლიმთა სამმართველოში გაწევრიანებული რელიგიის ოფიციალური პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს და საზოგადოებას რელიგიურ გაკვეთილებს უტარებენ და მეჩეთის წინამძღვრები, იმდენი არა გვყავს, რომ ჯარში გაწვევის შემთხვევაში ერთმანეთით ჩავანაცვლოთ.

ნუ ჩაგვაგდებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ სალოცავები უპატრონოდ დაგვრჩეს.

„მედიაცენტრი მთავარი“: ბატონო ბეგლარ, როგორც მათი სულიერი ლიდერი, საინტერესოა რას გვეტყოდით, სხვა რა გამოწვევების წინაშე დგანან დღესდღეობით, საქართველოში მცხოვრები მუსლიმები?

ბეგლარ ქამაშიძე: ძალიან ბევრ კონფერენციას და უმცირესობათა სამიტს დავსწრებივარ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უნებურად, მათ მდგომარეობას საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მდგომარეობას ვადარებ ხოლმე. ამიტომ შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ მათთან შედარებით, ჩვენთან იდეალური სიტუაციაა.

დღეს საქართველოში, ყველა რელიგიის აღმსარებელი ეფერება და პატივს სცემს ერთმანეთს. წვრილმანი უსიამოვნება ყველგან არის, ყველა ქვეყანაში, ერსა თუ რელიგიაში, მაგრამ საქართველოში სერიოზული დაპირისპირება სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს არასდროს გვქონია. რადგან ეს პატარა ქვეყანა, ოდითგანვე, ტოლერანტობის დიდი ნიჭით გამოირჩეოდა.

ყველას აღმსარებლობას პატივი უნდა ვცეთ და მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას გამოადგება, რადგან ამის ვალდებულება თითოეულ ადამიანს გვაკისრია.

არ შემიძლია გულისტკივილით არ გავიხსენო ის, რაც ორიოდე დღის წინ ახალ ზელანდიაში მოხდა, რადგან ჩვენ, ადამიანები ღვთის გაჩენილი ყველაზე ძვირფასი არსებები ვართ და არავის გვაქვს უფლება, სხვისი სიცოცხლე ხელვყოთ.

მეტი სიფრთილე გვმართებს მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ვგმობთ ყოველგვარ ტერორიზმს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის, რადგან ტერორიზმს არა აქვს რელიგია, არც ეროვნება, არც სამშობლო და ქვეყანა გააჩნია. ღმერთს შევთხოვ, რომ მსოფლიოში და ჩვენს საქართველოში მშვიდობა იყოს.

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

მსგავსი თემები