,,მოთხოვნაა როგორც თბილისის, ისე ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებზე”- მინისტრი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სანქცირებული ბორტები და  კომპანიები საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან.

მისი თქმით, საქართველო ეფუძნება ყველაზე მკაცრ მიდგომას, რომელსაც იყენებენ ქვეყნები, რომლებსაც პირდაპირი ფრენები აქვთ რუსეთთან.

,,ჩვენ მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს, გადაწყვეტილების მიღებისთანავე რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან. ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა შიგნით, სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით. ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ქვეყნები იყენებენ, ვისაც რუსეთთან ფრენები გააჩნია.

ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებული ამ ქვეყნის ბაზარზე და საქართველოს გადაწყვეტილებაც ასეთია. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე, როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მიერ. დღის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ დოკუმენტების შესწავლას”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი თემები