პარაპლანით ფრენა მას შემდეგ აღდგება. რაც პილოტები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს ჩააბარებენ

დაახლოებით ორ თვეში პარაპლანით ფრენა შესაძლებელი იქნება. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც პილოტები გამოცდებს ჩააბარებენ, მათ საფრენ აპარატებს ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება და საფრენ ადგილებს სერთიფიკაციას მიანიჭებენ. როგორც საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ მთავართან განაცხადა, ეს ყვე;აფერი დამოკიდებულია პილოტების მზაობასთან.

„დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი დასჭირდება მოსამზადებელ პერიოდს, რაც მოიცავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებას; საფრენი აღჭურვილობის შემოწმებას; საფრენი ადგილების შესწავლას. თუ პილოტები გამოიჩენენ შესაბამის მონდომებას და ძალისხმევას, ამ ყველაფრისთვის მაქსიმუმ თვენახევარი საკმარისი იქნება“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.

კითხვაზე, თუ დღემდე აღნიშნული კრიტერიუმები არ მუშაობდა, ფრენა როგორ ხორციელდებოდა? პასუხი მარტივია:

„დღემდე ეს ყველაფერი არ არსებობდა და ქაოტურად ხორციელდებოდა ფრენები.    რომ გაარკვიო სად შეიძლება კარგად ფრენა, ამას სჭირდება ფრენა. თუ არ იფრინე, ამას ვერ გაიგებ და ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი. ასე უნდა დადგინდეს საფრენი ადგილის ვარგისიანობა, რომელსაც ექნება სერთიფიკაცია.  მეორეა საფრენი აპარატის ვარგისიანობა – წარმოიდგინეთ, იცით, რომ ავტომანქანა გამართული არ გყავთ, მაგრამ დაჯექით, წახვედით, რაღაც გააკეთეთ და კისერი მოიტეხეთ. ეგ არაფერია, მაგრამ ოჯახის წევრს ჩაისვამთ ასეთ მანქანაში და წახვალთ? ამიტომ, პილოტების უმეტესობას ეს გააზრებული ჰქონდა, რომ საფრენი აპარატი ვარგისიანი უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი პილოტებს საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა ეკეთებინათ. მაკონტროლებელი არ არსებობდა, ახალი წესის თანახმად კი იქ საკმაოდ კარგად არის გაწერილი ინსტრუქციები, რასაც უნდა დაექვემდებარო“ – აღნიშნა კაპანაძემ მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები