„ყველა გზას გამოვიყენებთ ბოლომდე, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უზრუნველვყოთ“, – გიორგი ჩალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ბრძოლა არ ჩერდება და ის უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდება. მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლა სტრასბურგშიც გაგრძელდება.

„სტრასბურგში ბრძოლა გრძელდება. ბრძოლის ველი გაფართოებულია და ბრძოლა შედგება ყველგან, სადაც საღ აზრს, ადამიანის უფლებებს ებრძვის რუსეთი და პუტინი. ტყუილია ბატონი რატის განცხადება, რომ ჩვენ მოვითხოვეთ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. ასევე, ტყუილი იქნება ნებისმიერი მცდელობა, სტრასბურგის გადაწყვეტილება შეფასდეს ისე, თითქოს სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. დღევანდელი გადაწყვეტილება არსად ასახავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. ამის შესახებ განხილვა არ ყოფილა“ – აღნიშნა ჩალაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები მისი პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას ერთად შეძლებენ.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მისი პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას ძალიან მალე ერთად შევძლებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, ვიმოქმედოთ ერთიანად, სტრატეგიულად, სწორად, ემოციებისა და უკან დახევის გარეშე. ჩვენი გზა არის სიმართლე. სააკაშვილი ციხეში ზის მხოლოდ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოს დროშა არ შეცვალა რუსეთის დროშით. წელიწადნახევარია, უყურებს საქართველო, როგორ აწამებს რუსეთი. სააკაშვილი არის საბრძოლო განწყობაზე, ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი უფლებები იყოს დაცული“ – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები