„გადავდივართ მეორე ეტაპზე“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა გიულ ალასანია სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. როგორც გიული ალასანია აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და იწყება ბრძოლის შემდეგი ეტაპი.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უმრავლესობა თანახმაა იმაზე, რომ ეს არის პუტინის პირადი პატიმარი. გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის, რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი. ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ის ადამიანები, ვინც მოდიოდა და სინჯავდა მას.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ და ენახათ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ისინი ასევე დაადასტურებდნენ ამას. მათი შემოსვლა რომ არ მოხერხდა, ეს რაღაცნაირი მინიშნება იყო ჩემთვის იმის, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი. ეს პროცესი გრძელდება, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილება სულ სხვა იქნება.

„იმედი მაქვს, იქნება ბოლოს და ბოლოს მიღებული ის გადაწყვეტილება, რასაც მარტო ჩვენ კი არა, იცით, ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ქვეყანა. ერთი ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველანაირმა გამოკითხვა აჩვენა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე, ძალიან ბევრს უნდა საქართველოში, ეს უნდათ ნორვეგიაში, პოლონეთში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ის დააჯილდოვეს. ეს უნდათ ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოს, ლიტვის სეიმს, უკრაინის სეიმს, პოლონეთის სეიმს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაშვებული სამკურნალოდ“ – აცხადებს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

 

მსგავსი თემები