,,რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს”- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო  რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას ეხმიანება.

ნიკოლენკოს პუტინის გადაწყვეტილებას  პოლიტიკურ კომპენსაციას უწოდებს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო.

,,რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ პოლიტიკურ კომპენსაციად მივიჩნევთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო.

თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების კურსი მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის”, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით შევსების ფონზე. კრემლი თბილისისგან იღებს დათმობებს ისე, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწუხარებაზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა.

2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე გაფრინდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია შექმნას პროგრესისთვის შეუძლებელი პირობები. ეს დადასტურდა ბელარუსის გამოცდილებით, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შთანთქა რუსეთის ფედერაციამ,”- ნათქვამია ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში.

მსგავსი თემები