,,პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე გაიყვანდა ჯარებს”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას ეხმაურება.

მისი  თქმით,  ვლადიმერ პუტინს გული რომ  შესტკიოდეს საქართველოზე,  გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.

,,მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ზოგჯერ რუსებს იყენებს სხვა ქვეყნებში, რათა იმ ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს. უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია ასობით ათასი რუსით, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და შეიძლება კიდევ მილიონიც ჩამოვიდეს ამ ფრენების გახსნის შემდეგ. პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას. სწორედ ამას დააფასებდა ქართველი ერი, როგორც ჭეშმარიტ ჟესტს და გულწრფელ კეთილი ნების ჟესტს. გავიხსენოთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს დაესხა თავს საქართველოს, რომელმაც დაიპყრო ეს ქვეყანა, რომელიც 1970-იან წლებში ცდილობდა ქართული ენის გაუქმებას. ძალიან უცნაურია, როდესაც ესალმები ამ ჟესტს იმ ქვეყნისგან, რომელიც ახლა უკრაინასთან ასეთ სასტიკ ომს აწარმოებს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები