საქართველოში 2023 წლის I კვარტალში 5311 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 5311 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა.

იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 5309 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 2 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა ორივე მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა.

ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

მსგავსი თემები