,,გიორგი ფხალაძის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან”- „ტავ ჯორჯია“ 

„ტავ ჯორჯია“კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. “ტავ ჯორჯიას” განცხადებით, გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებული ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“,- ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

ცნობისთვის, გიორგი ფხალაძემ გუშინ დაწერა, რომ არ მოემსახურებოდა რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს.

მსგავსი თემები