,,რუსეთისთვის სანქციების დაწესებით სინამდვილეში, საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ, სინამდვილეში, საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შეაფასა  ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით.

,,ჩვენი პოზიცია ასეთია – არის მილიონამდე ქართველი პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ამ ადამიანებს უწევთ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რუსეთმა ამ ადამიანებს 2019 წელს დაუწესა სასჯელი – სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ, არის ამ სანქციის მოხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, რადგან  ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, როდესაც სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.

ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ, სინამდვილეში, საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას. ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად, ჩვენ თუ გვქონდა შარშან 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა, სულ მცირე, 10-18% ეკონომიკური ვარდნა. ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება და ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მტკიცე პოზიცია დავიჭირეთ. დღეს თუ ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა „ქართული ოცნება“ დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა „ქართული ოცნება“, დღეს დააჯილდოვა – სად არის აქ ლოგიკა? რეალობა არის ერთი – ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გამოხატულებაცაა დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებთ. ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულება გვაქვს, ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

 

მსგავსი თემები