პარაპლანით ქაოტური ფრენა კონტროლს დაექვემდებარება – რა მოეთხოვებათ „მფრინავებს?!“

პილოტებმა უნდა ჩააბარონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა; შემოწმდეს მათი აპარატურა; შეისწავლონ ასაფრენი ადგილების უსაფრთხოება – ეს ის ძირითადი ცვლილებებია, რომელსაც კანონმდებლობა პარაპლანით ფრენაში ჩართულ პირებს ავალდებულებს. თუ ადრე აღნიშნული მიმართულება მოუწესრიგებელი იყო და ვინ რითი, როგორ და სად დაფრინავდა არავინ აკონტროლებდა, ამიერიდან კონტროლი გამკაცრდება.

როგორც საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე  ირაკლი კაპანაძემ „მედიცენტრ მთავარში“ განაცხადა, 250 -მდე პილოტიდან, სავარაუდოდ, ბევრი გაიცხრილება.

„სავარაუდოდ, თვე-ნახევარში გაირკვევა, დაახლოებით 250-მდე პილოტიდან რამდენი ჩააბარებს გამოცდას. მაგალითად, თუ ასეთი აღმოჩნდა 30 და მათგან 25-ს ექნა ვარგისი საფრენი აღჭურვილობა, საქმეს სწორედ ეს 25 პილოტი შეუდგება. გამოცდის ჩაბარების შემდეგ მათ მოწმობაში ჩაიწერება მათი კვალიფიკაციაც, როგორი პილოტია ის, დამწყები, გამოცდილი, სპორტსმენი თუ აკრობატი მფრინავი“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, პარაპლანით ფრენა მხოლოდ გუდაურში არ ხდება.

„დღეს გუდაურში ფრენებით დაინტერესებული დაახლოებით ასი პილოტია, დანარჩენ საქართველოში კი, დაახლოებით, 150 პილოტამდე. ახალი წესით, პარაპლანით კომერციული, სპორტული ფრენების ადგილას პროცესს გააკონტროლებს ოპერატორიც. ფედერაცია (სპეციალური კომისია) ვალდებულია ნახოს საფრენი ადგილი, შეამოწმოს, ასრულებენ თუ არა დადგენილ წესს პილოტი და ოპერატორი. ამ კომისიას წელიწადში 2 გეგმური და 2 არაგეგმური შემოწმების ვალდებულება აქვს. შემოწმების უფლება აქვს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჯგუფსაც“ – აღნიშნა კაპანაძემ.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას – თუ ახლა წესრიგდება ყველაფერი და არავი  არავის ამოწმებდა, რა გამოდის? პასუხი შემდეგია:

„ის, რომ აქამდე მეტ-ნაკლებად ყველაფერი ქაოტურად იყო. პილოტების უმეტესობამ კი იცოდა, რომ მათი საფრენი აღჭურვილობა წესრიგში უნდა ყოფილიყო და ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ მათ არავინ აკონტროლებდა. ფედერაციას პილოტების შემოწმების და რეაგირების უფლება არ ჰქონდა. თუმცა, ყველა ხედავდა, ვინ დაფრინავდა ცუდად და ვინ კარგად. ვითარების გამოსწორების ვალდებულება არც პილოტს ეკისრებოდა“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები