ყოფილ დეპუტატს და ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს მეზობელი სასამართლოში უჩივის. დავა ამ დრომდე ვერ მოგვარდა. სადაო საგანი საკმაოდ უცნაურია – ვალერი გელაშვილმა საკუთარ ეზოში სასაფლაო მოაწყო, მშობლები და წინაპრები გადაასვენა და ეზოში ე.წ. საგვარეულო აკლდამა გახსნა.
მოდავე ნინო ნოზაძე ამტკიცებს, რომ მეზობლად სასაფლაოს გახსნის გამო, მის შვილს პრობლემები შეექმნა.
„ეს საფლავები ჩემი შვილის ოთახიდან ჩანს. მან ეზოში გადაასვენა დედა, მამა, ბებია, პაპა და ხელის გულზე ჩანს ეს სასაფლაო. ბავშვს შიში აქვს. რიტუალებსაც ატარებენ საფლავთან. დამკვრელები მოიყვანეს დოლ-გარმონით, ეს შემზარავი სანახავი იყო. წარმოუდგენელია, ფანჯრიდან საფლავებს უყურებდე“ – აცხადებს მეზობელი.
მისივე თქმით, გელაშვილის მიცვალებულების გადასვენების ნებართვაც არ ჰქონია.
„მედიაცენტრი მთავარი“ ვალერი გელაშვილსაც დაუკავშირდა, როგორც მან გვითხრა, რომ დავა მალე მოგვარდება.
„იმ სახლსა და ჩემს სახლს შორის სახლი იდგა. მათი სახლიდან მოშორებით, დაახლოებით 100 მეტრში დედაჩემის მშობლები ჩავასვენე, თან გამწვანებით მაქვს ამოყვანილი. ამბობენ, კედელი ამოაშენოსო, როცა ვაშენებდი კედელს, მაშინ არ ამაშენებინა. კიდევ რას დაობენ, როცა შევთანხმდით სასამართლოში, რომ მაგ მხარეს ხეებს დავრგავ და ამით ამოიწურება კონფლიქტი“ – განუცხადა ვალერი გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.